„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერატორების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, მსოფლიო საფოსტო კავშირის „Universl Postal Union“ - ის საფოსტო ოპერატორების საბჭოს (Postal Operators Council) სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 26 აპრილს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში გაიმართა.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საბჭოზე განხილული იყო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრ ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხი 2024 წლისათვის.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე შეხვედრისას, კენჭისყრის საფუძველზე, მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის (Universl Postal Union Quality of Service Fund) წევრი ქვეყნები აირჩა. საქართველოსთან ერთად აირჩა შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორები: ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, საუდის არაბეთი, ჩილე, თურქეთი, ტაილანდი, ეგვიპტე, ინდოეთი , კოტ-დ' ივუარი. აღნიშნულ ფონდში, საქართველოს წარმომადგენელი იქნება, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე. UPU-ს მომსახურების ხარისხის ფონდი (QSF) უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოში საფოსტო სერვისის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, შიდა საფოსტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.