როგორია დაგროვებითი საპენსიო სისტემის გლობალური გამოცდილება

დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ დიდი აზრთა სხვადასხვაბაა. ხშირ შემთხვევაში, ამ სქემის მიმართ ნდობა არც ისე დიდია და დამზოგველებს გადანახული თანხების მომავალი აღელვებთ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული. დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდში შეეძლოთ დაეტოვებინათ სისტემა.

რა სისტემა მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშ, განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი:

1. ჩილეს საპენსიო სისტემა (AFP):

ჩილემ საპენსიო სისტემა 1980-იან წლებში შეცვალა. მანამდე მთავრობა პენსიონერებს შეგროვებული გადასახადებიდან უხდიდა პენსიას. რეფორმის შედეგად, ისინი საჯაროდან კერძო სისტემაზე გადავიდნენ, სადაც ინდივიდები პენსიაზე გასვლისთვის წინასწარ ზოგავდნენ ფულს და ეს თანხა კერძო ანგარიშებზე აკუმულიერდებოდა. აღნიშნული თანხებს კი კომპანიები სახელწოდებით - AFP მართავდნენ.

მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, ამ ახალ სისტემას პრობლემები შეექმნა. პირველ რიგში ეს იყო არასაკმაარისი დანაზოგები. ბევრი პენსიონერი იღებდა ძალიან მცირე პენსიას, რამაც სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. მეორე პრობლემა მაღალი საკომისიობი იყო. კომპანიები, რომლებიც მართავენ ანგარიშებს, ბევრს ითხოვდნენ მომსახურებისთვის, რაც კიდევ უფრო ამცირებდა მთლიან დაზოგილ თანხას. მთავარი პრობლემა შემოსავლებში წარმოქმნილი უთანასწორობა აღმოჩნდა. მაღალი შემოსავლის მქონე პირებს უფრო მეტი თანხა უგროვდებოდათ ანგარიშებზე, ხოლო დაბალშემოსავლიანებს მიზერული დანაზოგები ჰქონდათ.

რეფორმიდან ორმოც წელზე მეტია გასული და ყველაფერი ისე ნამდცილად არ წასულა, როგორც ჩილეს მთავრობა გეგმავდა. თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ ხალხი დაზოგავდა იმდენს, რაც მათი ხელფასის 70%-ის ტოლ პენსიას უზრუნველყოფდა სიბერეში, მაგრამ დღეისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. მეტიც, დაახლოებით 40% ჩილელს დღეს საერთოდ არ აქვს დანაზოგი. ბევრიც ძალიან მცირე შემწეობას იღებს. განსაკუთრებით ეს ქალებს ეხებათ, რადგანაც ხელფასები გენდერულ ჭრილში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

2. პოლონეთის საპენსიო სისტემა:

1990-იანი წლების ბოლოს პოლონეთმა ასევე შეცვალა საპენსიო სისტემა. იმის ნაცვლად, რომ შეენარჩუნებინათ ძველი სქემა, სადაც დასაქამებულებისგან აკრეფილი გადასახადებიდან უხდინდენ პენსიონერებს, მათაც დაგროვებითი ანგარიშები ამჯობინეს.

ჩილეს მსგავსად, პოლონეთშიც პრობლემებმა იჩინა თავი. პირველ რიგში, გაჩნდა უნდობლობა სისტემის მიმართ, დაზოგილი თანხა იქნებოდა თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ დამზოგველებს მომავალში კარგი პენსია მიეღოთ.

მეორე პრობლემა სისტემის დატვირთვა იყო. რაც უფრო მეტი ადამიანი გადის პენსიაზე და ნაკლები ადამიანი მუშაობს, უფრო რთულია ამ სქემის შენარჩუნება. საპენსიო სისტემებისადმი უნდობლობას პოლონეთში ემატება ისიც, რომ 2014 წელს მთავრობამ მიითვისა კერძო საპენსიო ფონდებში რიცხული 51 მილიარდი ამერიკული დოლარი, მიზანი მისი სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირება იყო.

პოლონეთის საპენსიო სისტემას დღესაც ბევრი პრობლემა აქვს. სირთულეების წარმოსაგენად IBS institute რამდენიმე მონაცემს გვიზიარებს. კერძოდ, 2060 წლისთვის ყოველ 100 ადამიანში 68 საპენსიო ასაკში იქნება. დღეისათვის ეს რიცხვი 30-ზე ნაკლები არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სწრაფი დემოგრაფიული დაბერება პოლონეთის საპენსიო სისტემაზე ტვირთს გაზრდის. დღეისთვის პოლონეთში საშუალო ხელფასი პოლონეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 7768,35 ზლოტია, ხოლო მინიმალური პენსია 2024 წლის მარტის მონაცემებით 1780,96 ზლოტი, რაც ხელფასის 22,9 პროცენტს შეადგენს. IBS institute- ის პროგნოზი 2060 წლისთვის, ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობს.

3. გაერთიანებული სამეფოს ავტომატური ჩარიცხვის სისტემა:

დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული სისტემა 2012 წელს შეიმუშავა. ის ვალდებულებს კომპანიებს ავტომატურად ჩარიცხონ დასაქმებულების საპენსიო თანხები, ასევე ადამიანებმაც უნდა დაზოგონ პენსიაზე გასვლისთვის.

ზოგიერთს დღემდე აწუხებს ის ფაქტი, რომ, რასაც ხალხი ზოგავს, არ იქნება საკმარისი მომავალში სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. IFS-ის მონაცმებით, საჯარო სექტორში დასაქმებული, საშუალოშემოსავლიანი ადამიანების 61 პროცენტი დღეისათვის პერსონალურ საპენსიო დანაზოგებზე მხოლოდ 8%-ს ათავსებს. პრობლემები შექმნა ასევე თვითდასაქმებულთა წილის ზრდამაც. კერძო სექტორში ასაქმებულთა წილი, რომლებიც საპენსიო სისტემაშიც იყვნენ ჩართულები 2020 წლამდე განახევრდა (12%). საპენსიო სისტემას კიდევ ერთი გამოცდა მომავალში ელოდება. IFS-ის მიერ შემოთავაზებული პროგნოზის თანახმად, 2070 წლისთვის პენსიებსა და სხვა შეღავათებზე ხარჯები კიდევ 100 მილიარდი ფუნტით იქნება გაზრდილი, რაც სისტემაზე წნეხს უფრო მეტად გაზრდის.

თითქმის ყველა ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვისათვის აუცილებელია შესაბამისი გარემოს შექმნა. კერძოდ, მნიშვნელოვანია გააქტიურდეს შესაბამისი სამუშაოები ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის, რაც მოიზიდავს გრძელვადიან ინვესტიციებს, შეამცირებს უმუშევრობის დონეს და გაზრდის მოსახლეობის ეკონომიკურ პოტენციალს. ზემოთხსენებული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყანაში, ასევე მოსახლეობაში დანაზოგების გაჩენას.

თორნიკე მაისაშვილი