ნიკოლოზ შურღაია: კანონი ახეირებს მხოლოდ ხელისუფლებას - ეკონომიკური ზიანი არაუგვიანეს მომავალ წელს აშკარა გახდება

„სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა მოიტანს დიდ ეკონომიკურ ზიანს მთელი საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ბანკირი ნიკოლოზ შურღაია Linkedin-ზე წერს.

როგორც შურღაია აღნიშნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უარყოფითი შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე არაუგვიანეს მომავალ წელს გამოიკვეთება.

„თავისუფლებას მოაქვს უზარმაზარი პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მთელი ქვეყნისთვის და მილიონობით მოქალაქისთვის.

სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა მოიტანს დიდ ეკონომიკურ ზიანს მთელი საქართველოსთვის და მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის.

„რუსული კანონი“ ახეირებს მხოლოდ ხელისუფლებაში და შუშის სასახლეში თბილად მოკალათებულებს, მათთან გადაფსკვნილ ბიზნესებს და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს.

ეკონომიკური ზიანი, რომელსაც გარდაუვლად მივიღებთ (გააჩნია რამხელას), არაუგვიანეს მომავალ წელს აშკარა გახდება. ეს მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. ის აგებს პასუხს „რუსული კანონის“ მიღებით გამოწვეულ მოსალოდნელ კოლაფსზე, ისევე როგორც თავს იქებდა გასულ პერიოდში მიღწეული წარმატებებისთვის“, - წერს ნიკოლოზ შურღაია Linkedin-ზე.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი 14 მაისს ჩაინიშნა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტის განხილვები კი, ისევ ხმაურის, დაპირისპირების, საზოგადოების პროტესტისა და ევროპარლამენტარების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

მერი ტაბატაძე