"საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ"

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია.

„არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არაფერმა შეუშალოს.

„ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.