კაპიტალიზაცია მშპ-ის მიმართ - არიან თუ არა G20-ის ქვეყნებში სახელმწიფოზე მდიდარი კომპანიები

საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის კომპანია, Saudi Aramco ერთადერთი კომპანიაა G20-ის ქვეყნებიდან, რომლის კაპიტალიზაციაც ქვეყნის მშპ-ს აღემატება. კერძოდ, Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ გასულ კვირას 1,933 ტრლნ დოლარი შეადგინა და ქვეყნის მშპ-ს 1,7-ჯერ გადააჭარბა.

შემდეგი 379,9 მლრდ დოლარით სამხრეთ კორეული Samsung-ია, რომლის კაპიტალიზაციაც ქვეყნის მშპ-ის 22%-ს შეადგენს. მესამეზე 82,7 მლრდ დოლარით არგენტინული სავაჭრო გიგანტი, MercadoLibre-ია. კომპანიის სავაჭრო ღირებულება არგენტინის მშპ-ის 14%-ია.

პირველ ხუთეულში, ასევე, მოხვდნენ ფრანგული Moët Hennessy Louis Vuitton 419,4 მლრდ დოლარით, ანუ საფრანგეთის მშპ-ის 13%-ით, ამერიკული Microsoft 3,022 ტრლნ დოლარის კაპიტალიზაციით, რაც აშშ-ის მშპ-ის 11%-ს შეადგენს და სამხრეთ აფრიკის ტექნოლოგიური გიგანტი, Naspers, რომლის 36,2 მლრდ დოლარის კაპიტალიზაცია ქვეყნის მშპ-ის 10%-ია.

ასევე, მშპ-სთან კაპიტალიზაციის ყველაზე დიდი თანაფარდობით შემდეგი კომპანიები გამოირჩევა:

  • BHP Group (ავსტრალიის სამთო კომპანია) - 142,4 მლრდ დოლარი, მშპ-ის 8%
  • Toyota (იაპონური ავტოკონცერნი) - 315,2 მლრდ დოლარი; ასევე, მშპ-ის 8%
  • AstraZeneca (დიდი ბრიტანეთ ) - 236,8 მლრდ დოლარი; მშპ-ის 7%
  • Royal Bank of Canada (კანადური ბანკი) - 143,2 მლრდ დოლარი; მშპ-ის 6%
  • Reliance Industries (ინდური კონგლომერატი) - 231,1 მლრდ დოლარი; ასევე, მშპ-ის 6%

მშპ-ის მიმართ 5%-იანი ბარიერი G20-ის დანარჩენი ქვეყნების უმსხვილესმა კომპანიებმა ვერ გადალახეს. კერძოდ, ეს არის ინდონეზიური Bank Central Asia 75,4 მლრდ დოლარით, გერმანული ტექნოლოგიური კომპანია, SAP-ი 214,1 მლრდ დოლარითა და ბრაზილიური ნავთობის გიგანტი, Petrobras 108 მლრდ დოლარით.

ეროვნული მშპ-ის მიმართ სათითაოდ 4%-ს შეადგენს თურქული ბანკის, QNB Finansbank-ის 42,5 მლრდ დოლარისა და რუსული Sberbank-ის 72,3 მლრდ დოლარის კაპიტალიზაცია.

იტალიურ საავტომობილო გიგანტ Ferrari-ის 77,5 მლრდ დოლარისა და მექსიკურ საცალო მოვაჭრე Walmex-ის 66,8 მლრდ დოლარის კაპიტალიზაცია ამ ქვეყნების მშპ-ის მიმართ სათითაოდ 3%-ს შეადგენს.

ჩინური ტექნოლოგიურ გიგანტ Tencent-ის 444 მლრდ დოლარის კაპიტალიზაცია ეროვნული მშპ-ის 2%-ია.

აღსანიშნავია, რომ G20-ის გარე სახელმწიფოებს შორის დანია, ასევე, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მშპ-იც მისი უმსხვილესი კომპანიის სავაჭრო ღირებულებაზე ნაკლებია. ეს არის დანიური სამედიცინო გიგანტი, Novo Nordisk, რომლის 567,56 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციაცა ქვეყნის მშპ-ზე 1,4-ჯერ მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ