რუსეთის არასანქცირებადი ქარხნებიდან საწვავის შემოტანა შესაძლოა, ისევ დაიწყოს. როგორც ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერმა გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე 92 ტიპის რეგულარის ბენზინის დეფიციტია, რაც ფასის მატების ერთ-ერთი განმაპირობებელია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ზღვიდან საწვავის მოწოდების ფორმულა შესაძლოა, შეიცვალოს, შესაბამისად, ფასი დასტაბილურდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში 5-7 თეთრის ფარგლებში გაიაფდეს კიდეც.
„ამ ეტაპზე ფასები დასტაბილურდება იმ ნიშნულზე როგორც არის, შეიძლება, გაიაფდეს 5-7 თეთრის ფარგლებში. ამ წუთში არის არა ნედლი ნავთობის, არამედ საწვავის დეფიციტი, მაგალითად, 92 ტიპის რეგულარის ბენზინის, რომელიც ამ ეტაპზე ზღვიდან მხოლოდ ბულგარეთიდან შემოდის, იმიტომ, რომ რუმინეთი დაკეტილია, რუსეთიდან არ შემოდის, შემოდიოდა თურქმენეთიდან, სადაც უკვე გაუთავდათ ის მარაგები, რომელიც ქარხნებს ჩვენი მიმართულებით ჰქონდათ გაყიდული. ამან გამოიწვია ეს ფონი. მოთხოვნა 92 ტიპის რეგულარ ბენზინზე მაღალია, მაგრამ თვითონ საწვავი დეცფიციტშია.
ამ ეტაპზე წყდება რაღაც საკითხები, ზღვიდან ფორმულების ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაძლებელია, რუსეთიც გაიხსნას, არასანქცირებადი ქარხნებიდან ტვირთის მოწოდება დაიწყოს. რუსეთის ფედერაციის ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ უნდათ 1-ელ ნოემბრამდე მოხსნან შეზღუდვები, მათ შორის, საქართველოს მიმართულებით. თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, ქართველი იმპორტიორები დაიწყებენ საწვავის შემოტანას რუსეთის არასანქცირებადი ქარხნებიდანაც“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა. ფასი არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო.
ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „პლატსის“ გაძვირება გახდა. კერძოდ, აპრილში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 927 დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში 881.1 დოლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს, აპრილში აქ „პლატსის“ ფასი 813.23 დოლარიდან 802.5 დოლარამდე შემცირდა.