ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ადგილობრივები 63-ე დღეა უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და ღამეს კარვებში ათენებენ. მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოსა და საცხოვრებელ სახლებზე მიყენებულ ზიანს აპროტესტებს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შეისწავლა თუ არა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შუქრუთში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოა თუ არა მოქალაქეებისთვის იქ ცხოვრება და როგორია გარემოზე მიყენებული ზიანი.
გარემოს ეროვნული სააგენტო „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოკლებულნი არიან კომპეტენციას, განახორციელონ კვლევები შუქრუთის ტერიტორიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ „აღნიშნული ტერიტორია განთავსებულია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირებულ არეალში“.
„თქვენი წერილის პასუხად, რომელიც ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შედეგად არსებული მდგომარეობის თაობაზე მომზადებული დასკვნების/ინფორმაციის მოწოდების საკითხს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია განთავსებულია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზირებულ კონტურში. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები გაიცემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ და აღნიშნული უწყება უზრუნველყოფს ლიცენზიანტის მიერ პირობების შესრულების მონიტორინგს. შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო მოკლებულია კომპეტენციას, განახორციელოს კვლევები თქვენ მიერ განცხადებით მოთხოვნილ არეალში“, - აღნიშნულია სააგენტოს პასუხში.
შეგახსენებთ, შუქრუთის მოსახლეობა 2019 წლის სექტემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირებას ითხოვდა. პროტესტის შედეგად 2021 წელს კომპანიასა და შუქრუთელებს შორის შეთანხმება შედგა.
საიას ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზს“ უნდა განესაზღვრა „ლიცენზიის ფარგლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი საქმიანობიდან გამომდინარე მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ადეკვატური ოდენობა და აღსრულების პირობები“. შუქრუთელები აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტორული შეფასებები არ ასახავს რეალურ ზიანს. საიას ცნობით, 2021 წელს პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმება შეუსრულებელი რჩება.
„ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ განუცხადეს, რომ შუქრუთის მოსახლეობასა და მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა. მათივე მტკიცებით, იმ პირების 99%-მა, ვინც „ჯორჯიან მანგანეზთან“ ხელშეკრულება გააფორმა, კომპენსაცია აიღო.
შუქრუთელები 63-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ სოფელში კომპანიის საქმიანობას. მათი განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებს. მოსახლეობის თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და საფლავები, ადგილზე ცხოვრება კი უსაფრთხო არ არის. ისინი მოითხოვენ, რომ კომპანიამ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამასთანავე, ითხოვენ, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება მიეცეთ.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე