„თბილისი ძალიან დაემსგავსება ახლოაღმოსავლურ ქალაქს, უფრო და უფრო დაშორდება ევროპულ ტრადიციას თავისი ფორმით. იქნება გადაჭედილი, ტრანსპორტი ვერ გაუძლებს, სანიაღვრე და ფეკალური კანალიზაციის სისტემები ვერ გაუძლებს, გაუარესდება ყველა თვალსაზრისით“, -ამის შესახებ ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ მაღალსართულიანი კორპუსებისა და ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ნაგებობების ინტენსივობით, თბილისი სულ უფრო შორდება ევროპულ ქალაქს როგორც მმართველობით, ისე საკუთარი ფორმით. პროცესის ასე გაგრძელება კი, ქალაქის კოლაფსს გამოიწვევს. როგორც ზურაბ ბაქრაძე აღნიშნავს, თბილისის მერია ფაქტობრივად ემსახურება ინვესტორებს, რომელთაც მხოლოდ მოგება აინტერესებს, შედეგად კი, ქალაქი კარგავს თავის სახეს.
„ეს არ არის ევროპისთვის დამახასიათებელი მოვლენა, ეს უფრო სამხრეთ ამერიკისთვის და ახლო აღმოსავლეთისთვისაა დამახასიათებელი. ევროპული ტრადიცია ამას ვერ იტანს და არც შენდება ასე ქალაქები. საინვესტიციო წნეხი იქაც არსებობს, მაგალითად, ლონდონში სამი ათწლეულია მოედო და თვითონ ლონდონელები ამით უკმაყოფილოები არიან, რადგან ეს იმათ ტრადიციაში არ არის. ე.წ მანჰეტენიზაცია არ არის ევროპული მოვლენა და ეს არც თბილისური მოვლენაა. თბილისის განვითარებას თუ გადახედავთ, სანამ რუსეთის იმპერიას შეუერთდა, მანამდე სულ სხვანაირი იყო, ეს თავისი ფორმით იყო ევროპული ქალაქი, რომელიც ასეთი ყაიდის მშენებლობას, რომელიც შემდეგ იწვევს ცათამბჯენების გაჩენას, არ გულისხმობდა. ეს გაჩნდა, პოსტ საბჭოურ დროს, როდესაც სიმჭიდროვეების გაზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ანგარებით მოგებასთან მომუშავე ინვესტორებთან. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მაღალი ჰქონდეთ k2 კოეფიციენტი და ამაში ხელს უწყობს ქალაქის მერია. თბილისის მერია ფაქტობრივად ემსახურება ინვესტორებს, რომელთაც აინტერესებს მხოლოდ დიდი მოგება, შედეგად - ქალაქი კარგავს თავის სახეს. უკვე მნიშვნელოვან წილად დაკარგა კიდეც, ის აღარ არის ევროპული ქალაქი, ის თავის მმართველობის ფორმით, საბჭოეთის დროს, ევროპულ ქალაქს დაშორდა. პოს-საბჭოთა დროს საერთოდ მოიხსნა შეზღუდვა და ახლა უკვე, რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს k2 კოეფიციენტი, რომ დიდი მოგება ნახოს ინვესტორმა, ეს იწვევს ამ ცათამბჯენების აშენებას. თბილისი ახლა უკვე არა მხოლოდ მმართველობის წესით, არამედ ფორმითაც დაშორდა ევროპულ ქალაქს. აშენებენ რაც შეიძლება მაღალ სახლებს და ამას კორპუსებს ეძახიან, ეს საერთოდ „ანეკდოტურია“, როდესაც კორპუსი არის ერთადერთი ფორმა თბილისში მშენებლობის.
თბილისი ძალიან დაემსგავსება ახლოაღმოსავლურ ქალაქს, უფრო და უფრო დაშორდება ევროპულ ტრადიციას თავისი ფორმით. იქნება გადაჭედილი, ტრანსპორტი ვერ გაუძლებს, სანიაღვრე და ფეკალური კანალიზაციის სისტემები ვერ გაუძლებს, გაუარესდება ყველა თვალსაზრისით. საცხოვრებლების ასეთი ინტენსიური მშენებლობა იწვევს საავადმყოფოების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის ნაკლებობას, ამით რაღაცნაირი კოლაფსური მდგომარეობა იქმნება. ვინც საცხოვრებლის აშენებაში ფულს დებს, მას საერთოდ არ აინტერესებს იქ მაცხოვრებელი ოჯახი, სად მიაბარებს ბავშვს საბავშვო ბაღში, ეს არ აინტერესებს არც ქალაქის მმართველობას, ამიტომ, აშენებენ უზარმაზარ სახლებს, მას არ აქვს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მომსახურებები, რომელიც აუცილებელია ყველა ქალაქისთვის. ამის ნაკლებობა უკვე არის ქალაქში, ეს გამოიწვევს იმას, რომ ჯოგურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხალხი, რომელსაც არ აქვს იმ მომსახურებების მიღების საშუალება, რაც უკვე ჩამოვთვალეთ“,- განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.