ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი არასამთავრობო სექტორს ხვდება.

შეხვედრაზე მათ შორის იმყოფება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, ასევე “სამართლიანი არჩევნები”.

როგორც შეხვედრამდე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

“ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო არის კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც უნდა გადაწყდეს საქართველო საით მიდის, ევროკავშირისკენ, თუ რუსეთისკენ. ისე, როგორც არასდროს, ყველა პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამასთან, შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. დღის განმავლობაში აუდიენცია გაიმართება ოპოზიციასთანაც.

სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ობრაიენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა.