"საჯაროდ ვაცხადებ, არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო",- ასე ეხმაურება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, მის მიერ ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის სამსახურიდან გაშვებას.
როგორც შენგელია ხსნის, დაკისრებული მოვალეობის ცუდად შესრულების გამო, ის ისედაც აპირებდა სოსო ბერიკაშვილის სამსახურიდან გაშვებას, უბრალოდ "დაემთვა იმ დროს" (აქციების პერიოდს).
"ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო,
რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა, არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის.
საჯაროდ ვაცხადებ, არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ, დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა",- წერს შენგელია.
როგორც კავკასიის უნივესიტეტის პრეზიდენტმა "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, თავს სათქმელს კავკასიის უნივერსიტეტიც იტყვის.
შეგახსნებთ, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის აწ უკვე ყოფილი დეკანის, სოსო ბერიკაშვილის თქმით, ის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სუს-ის მოთხოვნით სამსახურიდან გაუშვა. ამის მიზეზი კი, როგორც ბერიკაშვილმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკება გახდა.