ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვაცხადოთ, კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი , - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვაცხადოთ, კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს. კანონი თავად არის ძალიან არასწორი და შეუსაბამო. ეს არ არის ერთადერთი მაგალითი. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ გენდერული კვოტირების კანონზე, უმცირესობებისა და ლგბტქ კანონზე, ოფშორების კანონზე, ცენტრალური ბანკის უფლებამოსილების შესახებ კანონზე ან ჩანაწერების შესახებ კანონზე და სხვა. ყველა ეს კანონი გვაჩვენებს ტრაექტორიას, რომელიც შეუსაბამოა იმ გზასთან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნა ფიშერმა.

მისი თქმით, თბილისში მყოფი დელეგაციის წარმომადგენლებს სურდათ, შეხვედროდნენ საქართველოს ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

„სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, მივსულიყავით პარლამენტში. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა უსაფრთხოების მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს როგორც არის. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მოგვეცა შანსი, შეხვედროდით ჩვენს კოლეგას „ქართული ოცნების“ შტაბში, სადაც შევძელით, შეხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს. ჩვენ ასევე გვქონდა პატივი, შევხვედროდით საქართველოს პრეზიდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას“, - აღნიშნა ფიშერმა.