ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს.
„თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან და უსაფრთხო მიგრაციის სისტემას უზრუნველყოფს, რომელიც ადგილებზე კონკრეტულ ცვლილებებს გამოიწვევს. ახალი წესები ევროპის თავშესაფრის სისტემას უფრო ეფექტურს გახდის და წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობას გაზრდის,“ - აცხადებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში, ნიკოლ დე მური.
მისი თქმით, „ევროკავშირი, ასევე, გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან არალეგალური მიგრაციის ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად.“
ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ახალი პაქტი ადგენს წესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მიგრანტებისა და ლტოლვილების მიღების მოწესრიგებულ მართვას, ეფექტური და ერთიანი პროცედურების შექმნასა და წევრ ქვეყნებს შორის მიგრაციული ტვირთის სამართლიან გადანაწილებას.
ევროპული საბჭოს კომუნიკეში წერია, რომ „სულ 10 საკანონმდებლო აქტი დამტკიცდა, რომელიც ევროპის თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის მთელი სისტემის რეფორმირებას მოახდენს.“
საბჭოს მიერ მიღებული კანონების იმპლემენტაციისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ორი წელი აქვთ. ამ პროცესში წევრი ქვეყნების დასახმარებლად ახალი კანონების აღსრულების ზოგად გეგმას ევროკომისია მალე წარადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ