კონსტრუქციული და საინტერესო, ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ო’ბრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ო’ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყნის ეროვნული ინტერესის საკითხია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის.
„ამ მხრივ ვთანხმდებით, რომ ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვა ქვეყნებს, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესის საკითხია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ეს ბრიფინგზეც ახსენა, ამას ხაზი გაუსვა და აღიარებულია. ამავე დროს, საუბარი გვქონდა, მათ შორის ამერიკული დაფინანსების მიმართ ჩვენს კითხვებთან დაკავშირებით, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებებზე. აქაც სხვადასხვა აქტორთან გვაქვს თანხმობა, რომ ეს დაფინანსება ნამდვილად არის ნაწილობრივ გაუმჭვირვალე და ნამდვილად არის გარკვეული კითხვის ნიშნები ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ წუხილი გავაცანით საკითხთან დაკავშირებით, თავისთავად, ეს კანონი ეხება ბევრ საკითხს. რთულ რეგიონში ვართ და ეს ეხება გავლენას სხვადასხვა მხრიდან, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა მიმართულებები, თუმცა ვინაიდან ამ შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორები გამოთქვამენ წუხილს, მათთან ვსაუბრობთ და მაგალითებითაც ვესაუბრებით, სად ვხედავთ სწორედ მათი სივრციდან წამოსულ გამოწვევებს, რომ არის ფონდები, რომლებიც საქართველოში არაგამჭვირვალედ იხარჯება. არაერთხელ მითქვამს, ერთი წელი დავხარჯე შარშან, რომ დამერწმუნებინა ეს ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, თავად უზრუნველყოთ გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, მათ შორის ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით. ამიტომ, კანონმდებლის ვალდებულებაა, ქართველი ხალხის სახელით მოაწესრიგოს ეს საკითხი, რომელზეც გუშინ ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ ეს არის ეროვნული ინტერესის საკითხები”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.