„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირდაპირ ეხება ეკონომიკას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა.
კანონი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებაზე. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით უწყობენ ხელს ამ კუთხით საქართველოს განვითარებას. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი შესაძლოა, ამ მხრივ შემაფერხებელი იყოს საქართველოსთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გაკეთდება განცხადებები საქართველოს მიმართ მხარდამჭერი პოლიტიკის გადახედვაზე.
„აშშ-ს წარმომადგენელიც საუბრობდა 350-მილიონიან მიმდინარე მხარდაჭერაზე, რომლის დიდი ნაწილი მიმართული იყო ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებასა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაზე. ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობაზე როცა ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების გაძლიერებას, იქნება ეროვნული ბაკი, სამინისტროები თუ სახელმწიფო უწყებები, რომელთაც კონკრეტული როლი აქვთ ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში. მათ განვითარებას მნიშვნელოვნად უჭერს მხარს დონორი საზოგადოება სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ თქვა ო’ბრაიენმა, რომ გადაიხედება ის მხარდამჭერი პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა ატარებს ქვეყანაში, ამიტომ აქ ნებისმიერ რისკი არის კრიტიკული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დონორი სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს კაპიტალის მოზიდვის, ბაზრებისა და სავაჭრო პოლიტიკის განვითარების, ბაზრებზე ინტეგრირების, ინტერნეტიზაციის, გაციფრულებისა და სხვა არაერთი მიმართულებით. პაპავას თქმით, როდესაც ამ დახმარებების ფონზე, მთავრობის წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ „დასავლეთი გადატრიალებას გეგმავს“, ეს ბიზნეს და ეკონომიკური გარემოსთვის დამაზიანებელია.
„რაც შეეხება კანონის გავლენებს, შესაძლოა, დღეს ხვალ და უახლოეს პერიოდში არ აისახოს, მაგრამ ეს კურსი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. როგორც ვთქვი, ერთი იმ კუთხით, რომ ინსტიტუციური განვითარება შეყოვნდება ქვეყანაში, მეორე, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნაკლები სანდოობა იქნება და რისკის ქვეშ დადგება პირდაპირი მხარდაჭერა კონკრეტული ბიზნესების, ინსტიტუტების, ბაზრების განვითარების, გაციფრულებისა და ნებისმიერი სხვა მიმართულებით.
მხარდამჭერი ღონისძიებები სახელმწიფოებთან ერთად ხორციელდება, ამიტომ აქვს მას სანდოობა და დამატებითი სტიმული ბიზნესებისთვის. ამ მიმართულებით ნელ-ნელა ვშორდებით პარტნიორებს, რომლებიც აქამდეც და დღესაც ამბობენ, მითხარი რა გჭირდება, დაგეხმარებითო. ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპონენტი გვაქვს, რითაც შესაძლებელია დღევანდელმა სიტუაციამ გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აღნიშნავს გიორგი პაპავა.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.