„დაპაუზებულია როგორც უძრავი ქონების გაყიდვები, ისე ინვესტირება“, - ამის შესახებ "ნოუბლ რიალ ისთეით"-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა, რის გამოც როგორც უძრავი ქონების მყიდველები, ისე ინვესტორები თავს იკავებენ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისგან.
ამასთან, ვაჟა მებაღიშვილი ამბობს, რომ იგივე პროცესებია მოსალოდნელი გაქირავების კუთხითაც.
„ცხადია, არც უძრავი ქონების სექტორია გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, თუ რა ფონიც არის დღეს ქვეყანაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას საინვესტიციო გარემოზე, არასტაბილური და ქაოსური სიტუაცია ყოველთვის ნეგატიურ ეფექტს გვაჩვენებს ხოლმე. ახლაც სწორედ ამ ვითარების წინაშე ვარ. საერთოდ, დესტაბილიზაცია სერიოზულად არყევს ბაზარს ეკონომიკურად, ამას ეკონომისტებიც მოწმობენ, რომლებიც ატარებენ კვლევებს და აკვირდებიან ფონს საქართველოში.
ჩვენ დარგის პროფესიონალები კანონის განხილვაში, ცხადია, სიღრმისეულად ვერ შევალთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება, უკვე ვხედავთ, რომ იწყებს შემცირებას, დაპაუზებულია როგორც უძრავი ქონების გაყიდვები, ისე ინვესტირება. ამ ეტაპზე, მყიდველები თავს იკავებენ უძრავი ქონების ყიდვისგან, თუ ვსაუბრობთ საერთაშორისო ინვესტორებზე, ამ კუთხითაც, რყევების გამო და ამ საერთო ფონის გამო, აქაც თავს იკავებენ, ურჩევნიათ დაელოდონ საერთო სიტუაციის დასტაბილურებას.
როგორც კი აირია სიტუაცია, რომელიც გამოიწვია ამ ე.წ გამჭვირვალობის კანონმა, მას შემდეგ განსაკუთრებულად შეჩერდა ამ მიმართულებით გაყიდვები. იმავეს ველოდებით გაქირავების კუთხითაც, რადგან ცხადია, ეს ორივე მიმართულება ერთმანეთთან კორელაციაშია.
რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, აბსოლუტური კოლაფსია ეს ნებისმიერი დარგისთვის. თუ იქნება სანქციები, არაფერს კარგს არ ველოდებით, ეს არა მხოლოდ უძრავი ქონების, არამედ ნებისმიერი მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება“,- განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტს ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია.