ეროვნული ბანკი ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ტყუილია - ბესო ნამჩავაძე

„ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა, რამაც ლარის კურსი შემოაბრუნა“, - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნამჩავაზე აღნიშნავს, ერთ დღეში სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული 60 მლნ დოლარი მნიშნელოვანი თანხაა და შეუძლია წონასწორობის აღდგენა.

„გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ტყუილია. 30 აპრილს რეზერვები იყო 4.8 მლრდ დოლარი, რაც 11%-ით (623 მლნ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე. თუ მხოლოდ უცხოურ ვალუტას ვნახავთ (რისი გამოყენებაც ხდება ლარის კურსის სტაბილურობისთვის), ვალუტის რეზერვები 3.8 მლრდ დოლარია. აგვისტოში 1.1 მლრდ დოლარით მეტი, 4.9 მლრდ იყო“, - აღნიშნავს ნამჩავაზე.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ სტაბილურია საგარეო შემოდინებები. ნამჩავაძე ამბობს, რომ სებ-ის აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფულადი გზავნილები, რაც საქართველოში ვალუტის შემოსვლის მნიშვნელოვანი წყაროა, იანვარ-აპრილში 33%-ით (542 მლნ დოლარით) შემცირდა (გასულ წელთან შედარებით). კლების მიზეზი რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებაა, ევროპიდან და აშშ-დან გზავნილები მზარდია. ასევე, იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი შემცირდა 10%-ით და შედეგად სავაჭრო დეფიციტი 467 მლნ დოლარით გაიზარდა.

ვალუტის შემოდინება-გადინების ბოლო თვეეების სხვა მონაცემები ჯერ არ ვიცით, მაგალითად ტურიზმი, ინვესტიციები“, - წერს ბესო ნამჩავაძე.

მერი ტაბატაძე