ჩინური Onvo ამერიკული Tesla-ს წინააღმდეგ

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Nio-მ, ოთხშაბათს ბიუჯეტური ავტომობილების ახალი ბრენდი Onvo წარადგინა, რომელიც 4000 დოლარით უფრო იაფია ვიდრე Tesla Model Y. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Onvo-ს პირველი მანქანის, L60 SUV-ის მიწოდება სექტემბერში დაიწყება, ხოლო წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია.

Nio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილიამ ლიმ CNBC-ის Eunice Yoon-თან ინტერვიუში თქვა, რომ Onvo მომავალში თავისი მანქანების საზღვარგარეთ გაყიდვასაც დაიწყებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია როდის. Onvo-ს L60-ის ფასი 219,900 იუანიდან(30,439 აშშ დოლარი) იწყება, ხოლო მოდელ Y-ის ფასი 249,900 იუანს (34,617 აშშ დოლარი) შეადგენს. ჩინეთის ელექტრო მანქანების ბაზარზე სასტიკმა კონკურენციამ ბევრი კომპანია უკვე აიძულა შეემცირებინა ფასები. შეგახსენებთ, რომ ელექტრო მანქანების ბაზარზე მარტის ბოლოს სმარტფონების კომპანია Xiaomi-ც შევიდა თავისი SU7 სედანით. მიზანი Tesla-ს Model 3-თვის კონკურენციის გაწევაა. რადგანაც ტესლას ფასი ამ შემთხვევაშიც მაღალი იყო, მოდელ 3-ზე ფასები დაახლოებით 2,000 დოლარით შეამცირა და ავტომობილის ღირებულებამ 231,900 იუანი (32,124 აშშ დოლარი) შეადგინა, ამის შესახებ Tesla-ს ჩინეთის ვებსაიტზეც ვკითხულობთ. Xiaomi-მ ისიც განაცხადა, რომ მან ბაზარს 10,000 SU7 მანქანა მიაწოდა.

ამასთან ერთად, Nio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლიმ CNBC-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ L60 იყენებს BYD-ის ბატარეებს, რომლებიც შედარებით იაფი ღირს რაც მწარმოებელს ეხმარება ავტომობილი ტესლასთან შედარებით , უფრო კონკურენტულ ფასად აწარმოოს. მზარდმა კონკურენციამ აშშ-ში ჩინური მანქანების იმპორტზე, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრი ტარიფების დაწესებაც გამოიწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინური წარმოების ელექტროავტომობილები 100%-იან ტარიფს დაექვემდებარება. ამ გადაწყვეტილებას Nio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა არაგონივრული უწოდა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის, ელონ მასკის ელექტრო SUV ავტომობილები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სრულად ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილია ჩინეთში.

თორნიკე მაისაშვილი