გაერო ფინანსური სირთულეების გამო და ხარჯების შესამცირებლად თავის შტაბ-ბინაში რამდენიმე შეზღუდვას აწესებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ხარჯის დაზოგვის ზომებს შორის ოპერატორებისა და თარჯიმნების ზეგანაკვეთური სამუშაოს აკრძალვაა, ასევე, შეიზღუდა მანჰეტენზე გაეროს შტაბ-ბინის შესასვლელი კარიბჭის გახსნისა და შენობის კონდიცირების საათები, ხოლო ახალი თანამშრომლების მიღებაზე მორატორიუმი გამოცხადდა.
Bloomberg წერს, რომ გაერო დიდი ხანია, ფინანსურ სირთულეებს განიცდის, რადგან მსხვილი დონორები, მათ შორის, აშშ-იც გადახდებს ხშირად აგვიანებენ. სირთულეები, ასევე, COVID-19-ის პანდემიამ და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ გაამწვავა, რომლის მიხედვითაც, ჰუმანიტარული საქმიანობისა და განვითარების ძალისხმევისთვის დაფინანსება შეწყდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, ასევე, შემცირდა უშიშროების საბჭოს საკვანძო სხდომების რაოდენობა, რომლებიც ღაზას სექტორში არსებული ვითარებისა და უკრაინის ომის განსახილველად ტარდება.
სააგენტოს მონაცემებით, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი სხდომის ჩატარება, დაახლოებით, 15,000 დოლარი ჯდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ