ორდღიანი ვარდნის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ღირებულება სტაბილური რჩება. დღეს ბირჟაზე ვაჭრობის გახსნიდან სამი საათის შემდეგ „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის აქციების ღირებულებამ მცირედით დაიკლო, „საქართველოს კაპიტალის“ კი გაიზარდა.
თბილისის დროით 14:00 საათისთვის:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 0.12%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.895 მილიარდი სტერლინგია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულების კლება 0.19%-ია. ბანკის ერთი აქცია 26.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.479 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 7.2%-ით გაიზარდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 10.28 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 409.24 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად 15 მაისის ვაჭრობის შედეგად შემცირდა. იმ დღის ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ - 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ - 8.8%-ით. თუმცა მეორე დღისით ვარდნა შენელდა და დღეს უკვე ზრდაც დაიწყო.