პარიზის ოლიმპიადას 11 მლრდ ევროს დადებითი ეკონომიკური ეფექტი ექნება

პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს 11,2 მლრდ ევრომდე ოდენობის გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ამის შესახებ პარიზის სპორტული ეკონომიკისა და სამართლის შესწავლის ცენტრის (CDES) მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.

კვლევის ჩატარება CDES-ს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა დაავალა.

კერძოდ, ამ სპორტული ღონისძიების მხოლოდ ორგანიზების დადებითი ეკონომიკური ეფექტი, დაახლოებით, 4,6 მლრდ ევროს შეადგენს. ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა დამატებით 3 მლრდ ევროს მოიტანს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული მოგება, დაახლოებით, 3,6 მლრდ ევროს მიაღწევს. ამდენად, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომლის ბიუჯეტიც 4,4 მლრდ ევროს შეადგენს, ორჯერ მეტად ანაზღაურდება.

მკვლევარების მიერ გამოთვლილი ყველაზე პოზიტიური სცენარის შედეგით, დედებითი ეკონომიკური გავლენა 11,2 მლრდ ევროს მიაღწევს. რაც შეეხება “საბაზისო” სცენარს, სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ ოლიმპიადა ეკონომიკას, დაახლოებით, 9 მლრდ ევროს მოუტანს, ხოლო ყველაზე უარყოფითი სცენარით ეს ოდენობა 6,7 მლრდ ევროს შეადგენს. ამდენად, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით მეტად ანაზღაურდება.

კვლევა საზოგადოების, მედიისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის ბოლო წლების მუდმივი კრიტიკის ფონზე ჩატარდა, რომლებიც ოლიმპიური თამაშების გადაჭარბებულ ხარჯს უსვამენ ხაზს. ამასთან, 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ირწმუნება, რომ ეს თამაშები წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს არ გასცდება.

„ჩვენი დასახული მიზანი დაბალანსებულია და დავხარჯავთ მხოლოდ იმას, რისი საშუალებაც გვაქვს. ჩვენი მიზანი ფულის გამომუშავება არ არის,“ - აცხადებს საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ეტიენ ტობუა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ