„მივიღებთ უზარმაზარ როგორც რეპუტაციულ, ასევე მატერიალურ ზარალს“ - ხუხაშვილი „ოფშორის კანონზე”

„მივიღებთ უზარმაზარ როგორც რეპუტაციულ, ასევე მატერიალურ ზარალს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ე.წ ოფშორების კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ხუხაშვილი განმარტავს, რომ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები იზარალებენ, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესაძლოა, სარგებელი ნახონ.

„მოგეხსენებათ, დღეს ხელისუფლება აპირებს ე.წ. “ოფშორის კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას. შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება ამ თემაზე:

დღეის მდგომარეობით, ოფშორული ზონების იურისდიქციაში განთავსებულია ასეულობით მილიარდი დოლარის სხვადასხვა აქტივები მარტივი მიზეზის გამო - რათა ამ აქტივების მფლობელებმა მოახდინონ მათზე კუთვნილი გადასახადების ოპტიმიზაცია, ან თუნდაც თავის არიდება.

აქ მთავარი კითხვაა - ვის და რა მოტივი შეიძლება გაუჩნდეს ამ აქტივების საქართველოში ტრანზიტთან დაკავშირებით? ისინი იქაც გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან და რაში შეიძლება დასჭირდეთ ტრანზიტთან დაკავშირებული ზედმეტი პროცედურული თავის ტკივილი?

პასუხი მარტივია:

მხოლოდ ის აქტივები, რომლებიც არსებულ ოფშორულ ზონებში დღევანდელ რეალობაში ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, შესულები არიან მაღალი რისკის ზონაში სანქციებიდან გამომდინარე, ან ქონება სადავოა, მიმდინარეობს ან მოსალოდნელია სასამართლო პროცესები.

კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ასეთი ინტერესის მქონე სუბიექტების სავარაუდო სიას:

1. კრემლის და მისი დანაყოფების (ფსბ, გრუ) აქტივები;

2. რუსული კრიმინალური სამყაროს სალაროს აქტივები;

3. რუსული ოლიგარქიული (უკვე სანქცირებული, ან სანქციების მოლოდინში მყოფი) აქტივები;

4. იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მოპოვებული აქტივები;

5. სადავო აქტივები, რაზეც მოსალოდნელია სასამართლო პროცესები.

ამასაც გავიმეორებ:

სხვა ტიპის ცივილიზებულ ბიზნესს არა აქვს არანაირი მოტივი ამ ტიპის ტრანზიტისთვის.

ამ პროცესის დამანგრეველი შედეგები თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.

გთხოვთ, ნუ დამიწყებთ ჭკუის სწავლებას, რომ აშშ აკონტროლებს ტრანზაქციებს და ა.შ. “არგუმენტებით”.

აქ საუბარი იმდენად ფინანსურ ტრანზაქციებზე არ არის, რამდენადაც აქტივების საქართველოს იურისდიქციაში გადმოფორმებაზე, რისი კონტროლიც ურთულესი პროცესია და დღემდე ვერავინ მოახერხა.

ნურც იმას იტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა რამეს ისარგებლებს. პირიქით, მივიღებთ უზარმაზარ როგორც რეპუტაციულ, ასევე მატერიალურ ზარალს. ბიძინას და ქოცებს არ ვგულისხმობ - მათ შეიძლება ისარგებლონ კიდეც“, - წერს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.

პრეზიდენტი სრულად იზიარებს "საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მისი შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი "მიუღებელს" და "დაუშვებელს" უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.

მერი ტაბატაძე