ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანდონის პროვინციის ქალაქ შენჭენში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ გამოფენაში “WinetoAsia” მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინის კომპანიების პროდუქცია: „წერეთლის ღვინის მარანი“; „თელავის ღვინის მარანი“; „შატო მუხრანი“, „GWS“, „ბექაურის ღვინის მარანი“, „Wine Guards“; „მტევინო“, „კოტეხი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ქართული ღვინის წარდგენას ორგანიზება ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრმა ქესიდი დარტმა (Cassidy Dart) გაუწია. ამასთან ერთად, ქესიდი დარტმა გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
„მასშტაბური, ასწლიანი გამოცდილების გამოფენა “WinetoAsia” თავს უყრის ათასობით საერთაშორისო მწარმოებლებსა და დილერებს, რაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს აზიის სამომხმარებლო ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.