ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის, CEE Bankwatch Network-ის დირექტორი მარკ მარტინი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება კანონის გასაპროტესტებლად გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს იყენებს. მარტინი წერს, რომ აღნიშნული ქმედებები იწვევს პარტნიორების მხრიდან შეშფოთებას.
მარტინი წერს, რომ თუ მდგომარეობა იმავენაირად დარჩება, აქვთ მოლოდინი, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, შეაჩერებს საჯარო სექტორის დაფინანსებას საქართველოში.
„პატივს ვცემთ EBRD-ის პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, თუ სიტუაცია იმავენაირად გაგრძელდება, ველით, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ისევე როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ საჯარო სექტორის დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანდა მთავრობას და ნებისმიერ კერძო კომპანიას, რომელიც დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან“, - წერს მარკ მარტინი.
მანვე ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების როლზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების რისკების შემცირების საკითხსა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობის მნიშვნელობაზე.
„Bankwatch-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო პროექტების განხორციელების რისკების შემცირებაში, კორუფციის დასაძლევად, სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასარიდებლად და საზოგადოებისთვის სარგებლის გასაზრდელად. აქედან გამომდინარე, განვითარების ბანკების ინტერესებშია უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს თავისი როლის შეტანას საინვესტიციო პროექტების მდგრადობაში“, - წერს მარტინი.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
აღნიშნულ კანონს სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ ექვემდებარება განხილვასა და ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში შეიტანა ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, კანონი ძალაში შევლიდან ერთი დღე მოქმედებს. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევისთვის 2 კვირა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა.
ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.