თურქეთმა მოცვის პლანტაციების ფართობი 50%-ით გაზარდა

თურქეთმა მოცვის პლანტაციების ფართობი 50%-ით გაზარდა. ამის შესახებ EastFruit წერს.

მოცვის თურქი მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ პროდუქტის მიმდინარე სეზონი წარმატებული იქნება, თუმცა მოსავლიანობა შესაძლოა, მოსალოდნელზე ნაკლები იყოს.

ერთ-ერთი მსხვილი თურქი მწარმოებლის, ჰალილ ოიმაკის თქმით, მოცვის პლანტაციების ფართობი, შარშანდელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. გასულ წლებში ეს მაჩვენებელი 100%-ს შეადგენდა, თუმცა ინფლაციისა და გართულებული კრედიტების გამო, ამ სექტორის განვითარება შეფერხდა. გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია ექსპორტის მოცულობა.

მოცვი თურქეთისთვის ახალი პროდუქტია, თუმცა სპეციალისტების აზრით, მას ამ ქვეყანაში კარგი მომავალი აქვს. თურქეთი, როგორც ხილისა და ბოსტნეულის გლობალური მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა, მუდმივად ეძებს ცნობილი პროდუქტების ალტერნატივებს. მოცვიც ერთ-ერთი ვარიანტია.

მწარმოებლები და ინვესტორები დადებითად აფასებენ მის პოტენციალს - თურქული მოცვი კარგად იყიდება და მის მიმართ, როგორც მომხმარებლების, ასევე მწარმოებლების და ექსპორტიორების მხრიდან ინტერესი იზრდება.

ჰალილ ოიმაკი აცხადებს, რომ მომავალში, ინდუსტრია სწრაფ ზრდას დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და სუბსიდირების პროგრამების წყალობით გააგრძელებს.

ეკა დარჩიაშვილი