უკრაინაში მამაკაცების პოზიციებზე სულ უფრო მეტი ქალი მუშაობს

ქალები უკრაინაში სულ უფრო ხშირად იკავებენ პოზიციებს, რომლებზეც მამაკაცები რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე მუშაობდნენ. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემის მონაცემებით, ქალები ყველაზე მეტად იკავებენ პოზიციებს ფოლადის ქარხნებში, რადგან მამაკაცებს ბრძოლის ველზე აგზავნიან.

კერძოდ, კრივოი როგის ArcelorMittal-ის ქარხნის მენეჯერები ამბობენ, რომ მეტი ქალის დაქირავება საწარმოს გადარჩენის საკითხია. 18,000 მამაკაციდან, რომლებიც კომპანიაში ომის დაწყებისას მუშაობდნენ, დაახლოებით, 3,500 კაცი იქნა მობილიზებული, წელს კი, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ მათგანს გაიწვევენ ბრძოლის ველზე.

„თუ მათი მობილიზება გაგრძელდა, ჩვენ აღარ გვეყოლება საკმარისი პერსონალი, რომ ვიმუშაოთ და კომპანიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება,“ - აცხადებს ქარხნის გენერალური დირექტორი მაურო ლონგობარდო.

მისი თქმით, კომპანია “ცდილობს, დაამსხვრიოს პარადიგმა, თითქოს, გარკვეული სამუშაოს შესრულება მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ.”ქარხანაში ქალები ომამდეც, თუმცა, ძირითადად, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობდნენ, ახლა კი ისინი რთულ ფიზიკურ ფუნქციებს სულ უფრო მეტად ითავსებენ.

ლონგობარდო ამბობს, რომ დაქირავების სტრატეგია, ნაწილობრივ, წვევამდელების, ასევე, ათასობით მუშახელის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხო რაიონებში გადავიდნენ. ამასთან, მამაკაცების დაქირავება მეტად გართულდა, რადგან ქარხანაში მუშაობის დასაწყებად ისინი კანონით ვალდებული არიან, ჯერ სამხედრო კომისარიატებში დადგნენ აღრიცხვაზე, რაც ბევრ პოტენციურ კანდიდატს აფრთხობს.

ამჟამად ქარხნის 76 ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ქალებისგან შედის.

ცნობისთვის: უკრაინაში მობილიზაციის ახალი კანონი 18 მაისს ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, საწარმოებში დასაჯავშნი პროფესიების სია გაფართოვდა. ზოგადი წესი ვრცელდება ყველა საწარმოზე, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულ პირთა არაუმეტეს 50%-ის დაჯავშნა შეუძლიათ, ხოლო თავად დაჯავშნა 6 თვის განმავლობაში არის შესაძლებელი, რის შემდეგაც ის უნდა გადაიხედოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ