საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციისათვის, "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის" ცვლილების პროექტი გამოაქვეყნა.
აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მოქმედი რედაქცია უკვე ითვალისწინებს ეროვნული ბანკისათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის წესს. ცვლილების პროექტი კი განსაზღვრავს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების ვალდებულებას დაქვემდებარებულ სხვა ოპერაციებს და ამ ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. წესის პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკი ასევე შეისწავლის იმ ოპერაციასაც, რომლის მეშვეობითაც ხდება ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორე ეკონომიკური აგენტის აქტივების შეძენა, როდესაც აქტივების შემძენი ეკონომიკური აგენტი კომერციული ბანკი ან მიკრობანკია და ამასთან, კმაყოფილდება კონკრეტული პირობები ოპერაციას დაქვემდებარებული აქტივების საბალანსო ღირებულების ნაწილში. აღნიშნულ შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტის აქტივი გულისხმობს ისეთ ფინანსურ აქტივს (საკრედიტო პორტფელი (გარდა ჩამოწერილი საკრედიტო პორტფელისა) და სესხის მსგავსი მახასიათებლების მქონე სხვა მოთხოვნები), რომელიც ეკონომიკური აგენტის აქტიური ბიზნეს საქმიანობის განმსაზღვრელი და შემოსავლის მომტანია.
საოპერაციო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების თაობაზე მარეგულირებელი ორგანოს მიერ შეტყობინების მიღება და მისი შესწავლა-შეფასება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა რამდენადაც აღნიშნული ტიპის ტრანზაქციას შესაძლოა შედეგობრივად კონცენტრაციის მსგავსი ეფექტი ჰქონდეს.
ბრძანების პროექტი საჯარო კონსულტაციის მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული. შემოთავაზებების, შეკითხვების და მოსაზრებების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამისი დანართის მიხედვით ელ-ფოსტაზე - policy@nbg.gov.ge, 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით შეუძლია.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს და უპასუხებს მხოლოდ ზემოაღნიშნული დანართის ფორმით მოწოდებულ არგუმენტირებულ კომენტარებსა და მოსაზრებებს.