სტიქიის გამო თხილი კიდევ უფრო გაძვირდება

წელს თხილი კიდევ უფრო გაძვირდება. პროდუქტის ექსპორტიორები ფიქრობენ, რომ მოსავლის განადგურება ფასზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით, ჭირს პროგნოზი, რა ეღირება თხილი სამომხმარებლო ბაზარზე და გასცდება თუ არა ფასი 15 ლარიან ნიშნულს, რასაც მოსახლეობა სეზონის ბოლოსთვის ვარაუდობდა.

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, თხილის ფასის მიმართ ხალხის მოლოდინი ყოველთვის გადაჭარბებულია, მაგრამ წელს პროდუქტის გასაძვირებლად თითქმის ყველა პირობაა. პირველ რიგში, ეს არის მოსალოდნელი დეფიციტი, რაც მოსავლის განადგურებას უკავშირდება. რაც შეეხება თხილის ფასს, ბოლო ერთი კვირაა 12 ლარი ღირს. წლის განმავლობაში თხილის ყველაზე მაღალი ფასი ათიოდე დღის წინათ დაფიქსირდა და 13 ლარს ცოტათი გადააჭარბა, თუმცა ასეთი ნიშნული თხილმა მხოლოდ რამდენიმე დღით შეინარჩუნა. რაც შეეხება ნედლ თხილს, 1 კგ 5 ლარი ღირს.

შეიძლება ითქვას, წლევანდელი სეზონი თხილის მოსავლისთვის ცუდად დაიწყო, სამეგრელოს რეგიონში ქარმა საერთო პლანტაციებიდან მსხმოიარე ნაყოფის 60% გაანადგურა. თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ წელს მოსავლის დეფიციტი იქნება, რაც თხილის გაძვირებას გამოიწვევს. ექსპორტიორებს უჭირთ პროგნოზი საფასო ცვლილების შესახებ, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ თხილი 15 ლარამდეც გაძვირდეს ან ამ ფასს გადააჭარბოს კიდეც.

თხილის ქარხნის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში ლადო გერგედავა ამბობს, რომ ხალხს მოსავალი მასობრივად გაუნადგურდა. რეგიონში პრობლემას ქმნის ისიც, რომ მოსახლეობა დაზღვევით არ სარგებლობდა და მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაზარალებულებმა კომპენსაცია მიიღონ. ”სეზონის დასაწყისში თხილს კარგად ესხა და ხალხი კმაყოფილი იყო, მაგრამ მოლოდინი მალევე გაუწბილდათ. ზუგდიდის რაიონში ძნელად მოიძებნება სოფელი, რომ თხილი არ დაზიანებულიყო. მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურებულია. დაზარალებულები საკომპენსაციო თანხას ითხოვენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში აღუთქვეს კიდეც დახმარება, მაგრამ რამდენად შესრულდება ეს პირობა, ვერ გეტყვით.  სოფელ ორსანტიაში ხალხს მოსავალი არ დაუზღვევია და საეჭვოა, ვინმეს კომპენსაცია მისცენ. არის დაპირება, რომ საგანგებო კომისიაც გამოყვეს და ზარალს შეისწავლიან. ჯერჯერობით დანაკარგი არსად აღრიცხულა. ნაკლებად მგონია, რომ აანაზღაურონ. რაც შეეხება ფასს, ბუნებრივია, მოიმატებს, თუმცა ერთი რეგიონის მდგომარეობა ვერ იქნება ფასის ფორმირებისას გადამწყვეტი. რამდენადაც ვიცი, სხვა რეგიონებში მოსავალი არ დაზიანებულა. თხილის გაძვირებას ისედაც ვვარაუდობდით. ვფიქრობ, 15 ლარამდე მოიმატებს, მთავარია, როგორი მოსავალი ექნება თურქეთს, რომელსაც ფასის განსაზღვრაში დიდი როლი აქვს”,- ამბობს გერგედავა.

როგორც აღვნიშნეთ, ნედლ, ჯერ კიდევ მსხმოიარე თხილს მოსახლეობა წინასწარ 5 ლარად ყიდის. სტიქიის გამო ყველაზე მეტად სწორედ ისინი დაზარალდნენ, რომლებმაც თხილი ამ მიზერულ ფასად გაყიდეს. ცალკე გადამყიდველებიც შიშობენ, რომ ”ჰაერში შეძენილი ” პროდუქტის ამოღება გაუჭირდებათ.  ”მოსავალს 1 ტონამდე ველოდი, მაგრამ სტიქიის გამო ეს რაოდენობა დაახლოებით 300-400 კილოგრამამდე შემცირდა. ესეც საუკეთესო ვარიანტში. ხეს ცარიელი ტოტებიღა შერჩა და რა მოსავალი უნდა მომცეს, ვერ გეტყვით. 250 კგ. თხილი წინასწარვე გავყიდე, ამდენს თუ ვალში გადავიხდი, არაფერი დამრჩება. ორ ცეცხლს შუა ვარ, ერთადერთი გამოსავალია, რომ კომპენსაცია მოგვცენ. შეგვპირდნენ კიდეც, მაგრამ უცნობია, რა პირობას შემოგვთავაზებენ ან რამდენად აიღებს ამ ვალდებულებას სახელმწიფო”,-ამბობს ახალკახათში მცხოვრები გიზო წირღვავა.

თხილის რეალიზატორი წალენჯიხაში მათე სამუშია ფიქრობს, რომ ქართულ ბაზარს წელს წარუმატებლობა ელის. მოსახლეობაზე არანაკლებ დაზარალდნენ მოვაჭრეები, რომელთაც თხილი წინასწარ, შემდგომი მოგების იმედით იყიდეს.  ”საითკენაც უნდა გაიხედო, ყველაგან უკმაყოფილებაა. ჩამოყრილი ნაყოფი ბოლომდე არ არის დამწიფებული და გასაყიდად გამოუსადეგარია. თხილია აქაური მოსახლეობის ერთადერთი იმედი და ვერც ამან გაამართლა. ბუნებამ თუ არ დაგინდო, რაც უნდა ეცადო, ვერაფერს გახდები. მძიმე დღეში არიან მოვაჭრეები, რომელთაც ფული წინასწარ გასცეს და არ აქვთ იმედი, რომ შესყიდული თხილის ამოღებას შეძლებენ. აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. როდესაც ადამიანი გეტყვის, რომ მოსავალი არ დარჩა და ვერ გადაგიხდის, უნდა დათმო ან ვალი მომავალი წლისთვის გადაუვადო. წინასწარ ყიდვა რისკია, მაგრამ უღირთ, რადგან მოგება მოაქვს. სამწუხაროდ, წელს წაგებაზე მოუწევთ წასვლა”,-ამბობს მათე სამუშია.

თხილი სტიქიას გადაურჩა გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ომარ ჩხარტიშვილის თქმით, უამინდობას თხილის მოსავალზე გავლენა არ მოუხდენია.

”ხალხი ბუნების მადლიერია. რეგიონში ყველაზე მომგებიანი მოსავალი თხილია და მთელი გულისყური მასზეა. შარშან რამდენიმე ოჯახი პროგრამაში ჩაერთო და მოსავალიც დააზღვიეს. სამომავლოდ მეტი ადამიანი შეძლებს ამ მომსახურებით სარგებლობას, რადგან ინტერესი დიდია.  სამწუხაროა, რაც სამეგრელოში მოხდა, მაგრამ ადგილობრივ ფასზე ეს გავლენას დიდად არ იქონიებს. კარგი მოსავალია გურიაში და ასეც რომ არ იყოს, ფასს ბაზრებს თურქეთი კარნახობს. აქ მიმდინარე პროცესები ფასის ფორმირებისას ვერ იქნება გადამწყვეტი. შიდა ბაზარზე მცირე სხვაობას, ალბათ გამოიწვევს. დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ თხილი ცოტათი გაძვირდება და მაღალ ფასს მომდევნო 3-4 წელიც შეინარჩუნებს”,- აცხადებს ომარ ჩხარტიშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”