საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი 380%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, ჩინეთიდან 283 ერთეული (3,197 მლნ აშშ დოლარი), ავტომობილი შემოვიდა, 2023 წლის იგივე თვეში მხოლოდ 59 (1,639 მლნ აშშ დოლარი). ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩინური ავტომობილების ბაზრობის გახსნა იგეგმება. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება, თუმცა ზუსტი ვადები, ამ დროისთვის უცნობია.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ჩინური ავტომობილები ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია, რამდენად შეძლებს ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას. რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს, ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საქართველო ამ შემთხვევაში ჰაბის ფუნქციას შეასრულებს თუ ვერა, რადგან ეს დამოკიდებულია დასავლეთზე, რამდენად სურს ჩინური ავტომობილების შეძენა.
„ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი ხდებოდა მცირე რაოდენობით და ახლა გაიზარდა, რაც თვალშისაცემია. თუმცა, მთლიან იმპორტში, ჩინური მანქანების წილი მაინც მცირეა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ავტომობილები მომავალში უფრო მეტი შემოვიდეს და თავისი მომხმარებელი ნახოს. თავის დროზე, როდესაც დაიწყო ამერიკული და ევროპული ავტომობილების შემოყვანა, გარკვეული ტესტირება მომხმარებლისგან გაიარა, მოდელების ნაწილმა დაიმკვიდრა თავი, ნაწილმა ვერა. თვითონ მომხმარებელმა უნდა ნახოს, გამოცადოს, რამდენად მოეწონება, ან არ მოეწონება. ამიტომ, ჯერ ტესტირების რეჟიმშია ჩინური ავტომობილი და მომავალი გვიჩვენებს, რამდენად დაიმკვიდრებს თავს საქართველოში.
მეორე საკითხი, როდესაც შემოვა ჩინური ავტომობილები, შევძლებთ, რომ ამ მიმართულებითაც ჰაბი ვიყოთ სხვა რეგიონებისთვის?! როდესაც ჩვენთან დასავლეთიდან და აშშ-დან შემოდის ავტომობილი, შემდეგ რეექსპორტით გადის რეგიონის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, წარმოიდგინეთ, ჩინეთიდან რომ შემოვა ავტომობილი, უნდა გამოიაროს ცენტრალური აზიის ქვეყნები და მერე უკან ხომ ვეღარ დაბრუნდება?! ანუ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩინური ავტომობილების კუთხით ჰაბის ფუნქციას ვერ შევასრულებთ. რამდენად დაინტერესდება ჩვენგან ამ ავტომობილების შეძენით დასავლეთის ქვეყნები, ან თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, არ ვიცი. აქ არის შესაძლებლობებიც და გამოწვევებიც, რომელიც უფრო მეტი იქნება, იმის მიხედვით შეიძლება პროცესის შეფასება.
პირველი, ადგილობრივ ბაზარზე ჩინური ავტომობილი რამდენად დაიმკვიდრებს თავს და მეორე, დასავლეთი რამდენად გახდება ჩინური ავტომობილის მომხმარებელი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ალბათ, ჩინელებს ბაზარი შესწავლილი აქვთ, თუმცა რისი იმედი აქვთ, არ ვიცი, ჩვენ მათთან კონტაქტი არ გვქონია“,- განაცხადა ალექსი ნონიაძემ.