„სირაქლემას პოზაში არიან - ხელისუფლებას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, გვითხრეს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამთ და ვიტყუებით“

„სირაქლემას პოზაში არიან - ხელისუფლებას ჰგონია რომ ყველაფერი კარგად არის, გვითხრეს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამთ და ვიტყუებით“ - როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ასეთია სახელმწიფოს დამოკიდებულება დღეს სამასპინძლე სექტორის წარმომადგენლების მიმართ.

ცნობისთვის, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების და ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო, დანაკარგი უკვე სახეზეა. მათი განცხადებით, დაწყებულია ჯავშნების გაუქმება და როგორც ალავერდაშვილი აცხადებს, 20-25%-ია გაუქმებული. გარდა ამისა, მისივე თქმით, თბილისის ცენტრში (კონკრეტულად რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე) მდებარე სასტუმროებს მმართველი მენეჯმენტი უკან აბრუნებს.

„რაში გვჭირდება ეს კანონი? განა რა მოგება აქვს ქვეყნისთვის, რომ ამხელა რყევა გამოიწვია?! ხელისუფლებას ჰგონია, რომ გარეთ ყველაფერი კარგად არის. 2 დღის წინ გვქონდა საუბარი და გვითხრეს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამთ და ვიტყუებით. ადამიანები, ვინც ჩვენ მიმართულებას კურირებენ, სირაქლემას პოზაში არიან, ვითომ არაფერი ხდება და პირიქით წინ მივდივართ. მშურს თურქეთის, რომელმაც კერძო სექტორისა და სახელმწიფოს შეთანხმებით ინდუსტრია უმაღლეს დონეზე აიყვანა,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.

იხილეთ ასევე: „მმართველი კომპანიები სასტუმროებს უკან აბრუნებენ - ზარალი უკვე მილიონებს გადაცდა“

თაია არდოტელი