180 ათასამდე მოქალაქეს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაცია იუწყება, რომ 2024 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179,235 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამცირა, შესაბამისად, 180 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

მათი ინფორმაციით, 179,235 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მლრდ ლარის (43%).

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.4 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+27%, 1 აპრილი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 194,570 ლარს, იპოთეკურის 53,012 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 27,474 ლარს შეადგენს.

„2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახლოებით 20 მლრდ. ლარით გაიზარდა 29 მლრდ. ლარამდე 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 19% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის თითქმის ტოლფასია (+18%).

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 42%-ს შეადგენს და 10 მლრდ. ლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.

2024 წლის 1 აპრილის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.7% შეადგინა, რაც დაახლოებით 1.2%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (15.9%).

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის აპრილის თვეში 1.5% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან.

„ცენტრალური ბანკი ცდილობს გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი, მინიმუმ შეინარჩუნებდა რეფინანსირების განაკვეთს და დამატებით წნეხს არ გამოიწვევდა გაცვლით კურსზე და ინფლაციის შესაძლო ზრდაზე. ასევე, ჯერჯერობით გაურკვეველია ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერი ტაბატაძე