PMCG აქვეყნებს კვლევას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა და იყო თუ არა ეფექტური. ჯამში, ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია 20 ათასზე მეტი შემზღუდავი ღონისძიება 41 ქვეყნის მიერ, რაც რუსეთს მსოფლიოში ყველაზე სანქცირებად ქვეყნად აქცევს.
PMCG-ის კვლევაში ვკითხულობთ, „ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ სანქციები შეასუსტებს რუსეთის უნარს, დააფინანსოს ომი და მიმართულია უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ელიტის წინააღმდეგ.
მიზნებიდან გამომდინარე, ისეთი სფეროები, როგორიცაა კვება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და ფარმაცევტული მიმართულებები სანქციებისგან თავისუფალია“. PMCG-ის შეფასებით, თუ სანქციებს შევაფასებთ იმით, შესუსტდა თუ არა რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს ომი, დასკვნა იქნება ასეთი, რომ ჯერჯერობით არა, იქიდან გამომდინარე, რომ ომი უკრაინაში კვლავაც გრძელდება.
„კრემლმა და ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილებები მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესახებ, რაც მოიცავდა მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის მაღალ განაკვეთს (2022 წლის მარტში მიაღწია 20%-ს). ასევე, მიიღო ზომები, რათა შეემსუბუქებინა სანქციების შედეგები. თუმცა, ასეთი ღონისძიება შეიძლება იყოს ეფექტური მხოლოდ მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში და გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ხარჯები მოჰყვება“, - აღნიშნულია კვლევაში.
რუსეთის საგარეო რეზერვების უმეტესი ნაწილი გაყინულია დასავლეთის სანქციების გამო. ამ ფონზე „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“ (NFW), რომელიც გამოიყენებოდა დეფიციტის დასაბალანსებლად, შესაძლოა, საბოლოოდ ამოიწუროს.
„რუსეთის გრძელვადიან პერსპექტივებს საფრთხე ემუქრება არახელსაყრელი დემოგრაფიული ტენდენციებით, იგულისხმება ემიგრაციის მაღალი დონე და მოსახლეობის დაბერება, ცუდი ბიზნეს კლიმატი, მზარდი სახელმწიფო ინტერვენცია და შეზღუდული წვდომა ეკონომიკური ზრდის ბევრ ფაქტორზე“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთანავე, კვლევაში განხილულია შემდეგი შეზღუდვები და მისი შედეგები:
SWIFT-ის აკრძალვა რუსული ბანკების წინააღმდეგ - შეზღუდვამ ვერ გაამართლა მოლოდინი ორი ძირითადი მიზეზის გამო: რუსეთი კარგად იყო მომზადებული ამ საფრთხისთვის, რადგან 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა, პირველად დაუწესეს SWIFT-ზე შეზღუდვა და მეორე, SWIFT-ის აკრძალვა მოიცავდა რუსული ბანკების მცირე რაოდენობას.
საგარეო რეზერვების გაყინვა - ჯამში მოიცავდა 300 მილიარდ ევროს. რეზერვები გაყინულია ევროკავშირში, G7 ქვეყნებსა და ავსტრალიაში. ამ ეტაპისთვის, ეს იყო რუსეთისთვის დაწესებული ყველაზე ეფექტური ღონისძიება. რუსეთი დგას იმ შედეგების უმეტესობის წინაშე, რაც ეკონომიკას დეფოლტით ემუქრება: ინვესტორების შემცირება, შეზღუდული დაფინანსება, გაზრდილი სასესხო ხარჯები და ა.შ.
სტრატეგიული პროდუქტების ექსპორტის აკრძალვა - შეზღუდვა გაფართოვდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და მოიცვა არაერთი სექტორი. სანქციების დამწესებელმა ქვეყნებმა აკრძალეს რუსეთის გავლით ექსპორტირებული საქონლის ტრანზიტიც. გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ მესამე ქვეყნებიდან არ მომხდარიყო რუსეთში ექსპორტი. გვერდის ავლის თავიდან აცილების მიზნით შემოღებული შეზღუდვები ბოლო პერიოდში განხორციელდა, შესაბამისად, მათი გავლენის შეფასება ჯერ კიდევ შეუძლებელია.
ნავთობისა და ენერგიის იმპორტის აკრძალვა - 2022 წლის აპრილში, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალეს ნავთობის იმპორტი რუსეთიდან. ევროკავშირმა საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო რუსული ენერგიისგან „თავის დაღწევა“ და მიუხედავად იმისა, რომ იღებს ზომებს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, რუსული ენერგიის ექსპორტი ევროკავშირში რჩება მაღალ ნიშნულზე.
საჰაერო სივრცის აკრძალვები რუსული გადამზიდავებისთვის - შეზღუდვამ მინიმალური გავლენა იქონია რუსეთის უნარზე, გააგრძელოს და დააფინანსოს ომი.
Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების შეჩერება - ეს პროექტი შემუშავების პროცესში იყო ომის დაწყებისას და რთულია გაზომო მისი შეჩერების გავლენა.
მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა დაწესებული ასობით კერძო პირზე - სანქცირებული პირებისა და სუბიექტების სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, თუმცა სანქციის ეფექტი უმნიშვნელოა დღემდე.