„მეგობრებო, მოგესალმებით და გისამძიმრებთ იმიტომ, რომ შემდეგი კვირიდან შეიძლება სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდეთ - ანუ ქვის ხანაში“, - ამის შესახებ ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი, კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ხაზარაძე აღნიშნავს, რომ არშემდგარი სახელმწიფო ჩამოგვეშლება. მანვე ყურადღება გაამახვილა ბიზნესებზეც და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა „ქვეყანა გვეშლება“, ბიზნესი დუმს და „ქონების გამრავლებაზე“ ფიქრობს.
„ჩამოგვეშლება არშემდგარი სახელმწიფო. არშემდგარი იმიტომ, რომ დამონებული ადამიანების ბრბოს ვაძლევთ საშუალებას ელაპარაკონ მსოფლიოს ჩვენი სახელით, მეგობრებს ჩვენი სახელით.
მიუსამძიმრონ ქვეყანას, რომელიც ათეული წლები იბრძვის ღირებულებების წინააღმდეგ (ირანს ვგულისხმობ), ომის პარტიად ნათლავენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ბოლო 30 წელია გვაჭმევენ, გვაცმევენ და გვეხმარებიან სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში.
ბიზნესი დუმს, შეშინებული გასცქერის მთავრობას, როგორ გაამრავლოს თავისი ქონება ჯიგრული თვალთმაქცობით, დიახ, ამას ვამბობ მე, ამ სფეროს წარმომადგენელი იმიტომ, რომ მრცხვენია ამ რიგებში დგომა, როდესაც ხელგაწვდილი ელოდები, როდის ჩაგიგდებენ ტენდერს ან სულაც, მოგცემენ კარგ კოეფიციენტს მრავალსართულიანი ბეტონის ჯუნგლების ასაშენებლად.
და ამ დროს ჩვენი შვილები დგანან ქუჩაში და ცდილობენ შეცვალონ ეს ყველაფერი და ამ დროს სად ვართ ჩვენ? თაობა პასუხისმგებელია მათ მომავალზე...
მე არ ვიცი რას იზამთ თქვენ, მე გეტყვით რას ვიზამ მე და იქნებ ვიყო მაგალითი სხვებისთვის. მე, კახა ხაზარაძე, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, მომავალ თაობას და ამისთვის დავთმო ყველაფერი მატერიალური და დავიტოვო მხოლოდ ერთი რამ, რასაც თავისუფლება ჰქვია. ემსახურე საქართველოს და იყავი ამაყი და ბედნიერი“, - წერს კახა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
აღნიშნულ კანონს სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ ექვემდებარება განხილვასა და ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, პრეზიდენტმა პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში შეიტანა ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, კანონი ძალაში შესვლიდან ერთი დღე მოქმედებს. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევისთვის 2 კვირა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სხდომა.
ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. გარდა ამისა, გაჟღერდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებს, EBRD-მა, ADB-იმ, WB-ის ჯგუფმა და სხვებმა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ.