აზერბაიჯანის ინიციატივით ბრენდი, Made in Turan შეიქმნა, რომელიც თურქული სამყაროს სავაჭრო ნიშნებს აერთიანებს. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს აზერბაიჯანის ფრანჩაიზინგის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ჯამიდ მოვსუმოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ბრენდ Made in Turan-ის შექმნა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ წარმოებული პროდუქციის ერთიან ეტიკეტირებაზე გადასვლას გულისხმობს.
“ბრენდი, Made in Turan განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლებს, რის შედეგადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზრდება და ეკონომიკური კავშირები გაძლიერდება. Made in Turan-ის დანერგვით თურქული სამყაროს ბრენდებისთვის ახალი ეპოქა დგება. ბრენდინგის ამ პოლიტიკის შედეგად თურქული სახელმწიფოების სასაქონლო ნიშნები დამაჯერებლად დაწინაურდებიან, რომ განსაკუთრებული შეღავათების დახმარებით მსოფლიო ბრენდებად იქცნენ. Made in Turan განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, რომ თურქული სამყარო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძალად იქნეს აღიარებული მთელ მსოფლიოში,” - აცხადებს მოვსუმოვი.
მისი ცნობით, “Made in Turan”- ის სახელწოდებით სავაჭრო სახლების გახსნაც იგეგმება.
თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, მთლიანობაში, 200 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნების მთლიანი სავაჭრო ბრუნვა გლობალურ ეკონომიკაში 536 მლრდ დოლარს, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი 1,5 ტრლნ დოლარს, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 1,2 ტრლნ დოლარს შეადგენს. გლობალური სავაჭრო ბრუნვის 2.4% ორგანიზაციის წევრ ქვეყნების წილია.
ცნობისთვის: თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია 2009 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. 2021 წლის ნოემბრამდე ორგანიზაციას „თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო“ („თურქული საბჭო“) ეწოდებოდა. 2018 წელს ორგანიზაციაში უზბეკეთი გაწევრიანდა. იმავე წელს მასში დამკვირვებლის ოფიციალური სტატუსი უნგრეთს, ხოლო 2021 წელს თურქმენეთს მიენიჭა.
ორგანიზაციის სამდივნო სტამბოლში მდებარეობს.
2022 წლის დეკემბერში თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციამ საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური სატრასპორტო მარშრუტი პრიორიტეტად გამოაცხადა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ