ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გააკეთა.
ინფორმაციის მიხედვით, მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყნის 1100 - ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. წლევანდელი სამიტის ძირითადი თემაა: „მწვანე ტრანსპორტი, კრიზისის დროს ფოკუსის შენარჩუნება“.
„მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს პოზიცია ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) მრავალმხრივი კვოტების გეოგრაფიული გაფართოების შესახებ, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ტრანსპორტის სექტორში ინოვაციების ხელშეწყობისთვის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგისტრირებულ უფრო მეტ სატრანსპორტო კომპანიას ჰქონდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა.
ITF - ის მინისტერიალის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.