"სამოგზაურო შეზღუდვებს უკვე შემდგომში მოჰყვება საბანკო, ფინანსური და პოლიტიკური სანქციები"

სამოგზაურო შეზღუდვებს უკვე შემდგომში მოჰყვება საბანკო, ფინანსური და პოლიტიკური სანქციები, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე“ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის დაწესებას ეხმაურება.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საბანკო, ფინანსური და პოლიტიკური სანქციები შეიძლება ძალიან მარტივად დაწესდეს, ხოლო მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

„რად უღირს ივანიშვილს და მის გუნდს ეს ყველაფერი? ამერიკელებს მოლოდინი აქვთ, რომ ეგება გონს მოეგოთ იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ შეზღუდვა სამოგზაურო ვიზებზე. რაც არ უნდა იძახონ, რომ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, მათ ძალიან კარგად იციან, რომ სამოგზაურო შეზღუდვებს უკვე შემდგომში მოჰყვება საბანკო, ფინანსური და პოლიტიკური სანქციები, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად დაწესდეს, ხოლო მოხსნა იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. ის ბიზნესმენები, რომლებიც მოკალათებული არიან „ქართული ოცნების“ სიებში და რომელთაც უზარმაზარი პროექტები აქვთ წამოწყებული, თავი მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნის ახალი ეკონომიკური ელიტის წევრები არიან, მათთვის ეს მხოლოდ ჩასვლა - არ ჩასვლა არ არის, მათ სერიოზული პრობლემების მთელი სპექტრი ექმნებათ. სარკისებურია სანქციები, თუ აშშ იღებს სანქციებს, ევროპაც აუცილებლად მიიღებს სანქციებს. როგორ უნდა დაიჯეროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, რომ ის ხალხი, მთავრობა იქნება თუ პარლამენტი, რომელიც დასანქცირებულები არიან და ჩასვლის უფლებაც არ ექნებათ, მათ ევროკავშირში შეიყვანს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანმა გადაცემაში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში ერთ-ერთი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან არსებული ნებისმიერი ინიციატივა, საქართველოს მხრიდან მუდმივად იბლოკებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობდი პრეზიდენტთან, ბევრ რაღაცას წავაწყდი. მაგალითად, ძალიან ნიშანდობლივი იყო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ქარტიის ერთ-ერთი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი, ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროდანაც ადამიანი და კიდევ ირაკლი ბერაია იყო თავდაცვის და უშიშროების საბჭოს კომიტეტიდან. ამერიკელების თუ ჩვენი ნებისმიერი ინიციატივა, რომ რაღაც წინ წაწეულიყო, მუდმივად იბლოკებოდა კონკრეტულად ბატონი ზალკალიანის და ბერაიას მხრიდან და მუდმივად იყო საუბარი, რომ არ გვინდა, არ არის საჭირო. ბოლოს აგვიხსნეს, რომ ჩვენ ზედმეტი ინიციატივა არ უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.