გერმანიაში ეკოლოგიური ბრაუზერი ჩაუშვეს

გერმანიაში ჩაუშვეს ვებბრაუზერი „მწვანე” ფუნქციებით. ინფორმაციას „ევროპულსი” ავრცელებს.

პროგრამა შეიმუშავა კომპანიამ, რომლის კუთვნილი საძიებო სისტემა, Ecosia ძიებაში მითითებული კომპანიების ეკოლოგიურობის დონეს აჩვენებს.

ახალი ბრაუზერი ორგანიზაციების ვებგვერდებს, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ, „მწვანე ფოთლით” ნიშნავს. ამასთანავე, მასში რეკლამის დაბლოკვის ფუნქცია არის ჩაშენებული, რაც ვებგვერდებს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად ჩაიტვირთოს და შედეგად ენერგია დაზოგოს.

თუმცა მომხმარებლები კომპანიის მიერ განთავსებულ გარკვეულ რეკლამებს მაინც იხილავენ, საიდანაც შესული თანხა ხეების დარგვას მოხმარდება. ეს კონცეფცია თავის დროზე კომპანიის საძიებო სისტემის მუშაობასაც დაედო საფუძვლად, რის შედეგადაც 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს 95 ათასზე მეტ ადგილას 200-მილიონზე მეტი ხე დაირგო.

სამომავლოდ კომპანია აპირებს, ბრაუზერის მონაცემთა ცენტრების მუშაობა მზის ენერგიის გამოყენებით უზრუნველყოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ