„გადაიდოს ვეტოს განხილვა, ან კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1-ელ იანვარს“

Wissol ჯგუფის დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე სოციალურ ქსელ linkedin-ზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ფხაკაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, ან გადაიდოს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა, ან კანონის ამოქმედების ვადად 2025 წლის 1-ელი იანვარი განისაზღვროს.

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ.

ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი ოფციიდან ერთ-ერთის არჩევა:

პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი.

ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1 იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ, როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.

იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“, - წერს სოსო ფხაკაძე.

მერი ტაბატაძე