„ამერიკამ თუ შეაჩერა ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის მოსახლეობას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, Bankwatch Network-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებს, EBRD-მა, ADB-იმ და WB-მა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ.
საქართველოში დონორების დაფინანსებით სხვადასხვა სექტორში არაერთი პროგრამა განხორციელდა, მათ შორის დიდია პარტნიორების დახმარება ჯანდაცვის სექტორში. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აისახება დაფინანსების შეჩერება.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ბოლო 33 წლის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ფეხზე დაყენებასა და განვითარებაში უზარმაზარია პარტნიორებისა და დონორების წვლილი. დახმარებების უდიდესი ნაწილი ამერიკაზე, ევროკავშირზე, გლობალურ ფონდზე, მსოფლიო ბანკზე, გაეროზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე, გაეროს ბავშვთა ფონდზე, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და სხვა ბილატერალურ დახმარებებზე მოდის.
„დიდია აშშ-ის ბილატერალური დახმარების, დიდი ბრიტანეთის, სკანდინავიის ქვეყნების, შვედეთის, ნორვეგიის დანიისა და მრავალი სხვის წილი. ჩვენ 2015 წლისთვის დონორული დახმარება ჯანდაცვის სექტორში 700 მლნ დოლარს შეადგენდა, იმის შემდეგ რა თქმა უნდა, დახმარებები გრძელდებოდა და განსაკუთრებით დიდი იყო დახმარება „კოვიდის“ პერიოდში. ჩვენი დათვლებით, მილიარდ დოლარს აჭარბებს ჯანდაცვის სექტორში შემოსული დონორული დახმარებები. ღმერთმა არ ქნას, რომ შეწყდეს ეს დახმარება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯანდაცვის სექტორი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
რაც შეეხება პროგრამებს, სწორედ დონორული დაფინანსებების საშუალებებით აღმოიფხვრა მალარია, შემცირდა ტუბერკულოზისა და შიდსის გავრცელება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დონორების როლი ჰეპატიტის პროგრამის დაფინანსებაში, რომლის ფარგლებშიც 85 ათასმა ადამიანმა უფასოდ იმკურნალა.
„უზარმაზარია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დახმარება, ამერიკის საფრთხის შემცირების სააგენტო, დიდია გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების, გაეროს ბავშვთა ფონდის, USAID-ის პირველადი დახმარება. ახლა ერთ-ერთი დიდი დონორია გლობალური ფონდი, რომლის 50% ამერიკის თანხაა. გლობალური ფონდის დახმარება დაახლოებით 170 მილიონი დოლარია, ეს არ არის კრედიტი, ეს არის გრანტი. დახმარებებით ქვეყანამ აღმოფხვრა მალარია, შეამცირა ტუბერკულოზი, შიდსის აღმასვლა, ჰეპატიტის პროგრამა და ა.შ. მარტო ც ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში ამერიკამ რამდენიმე მილიარდი დოლარის წამალი მოგვცა უფასოდ და 85 ათასმა ადამიანმა იმკურნალა უფასოდ. უცხოური დახმარებები დღეს გრძელდება და უზარმაზარია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.