„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონსა და პარლამენტის დადგენილების პროექტში „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვილებების შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 27 მაისს იმსჯელა.
მომხსენებლის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონს ემატება ორი პრიმა მუხლი. ერთ-ერთი თანახმად, „განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას“. კანონის ამოქმედების ვადად 2030 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
„ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს. ამ საკანონმდებლო ინიციატივით განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომელიც ქვეყნის სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და იმავდროულად წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ პრინციპს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა პარლამენტის დადგენილების პროექტზე - „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ“, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას განახლებადი ენერგიის წარმოებისათვის.
„სახელმწიფო კონცეფცია მოიცავს მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განსაზღვრავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის, ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნობრივ მაჩვენებლებს და პრინციპებს. რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას ეტაპობრივად გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე ემსახურება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.