საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო.
ცნობისათვის, რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის მარტში გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობას.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყო და 24 მაისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 224 919 508 ლარი იყო. ამავე დოკუმენტის თანახმად, გზის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ - China Railway Tunnel Group Co., LTD-მ მიიღო. კომპანიის შეთავაზებული თანხა 212 548 390 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. 1-ლი ტენდერი დეპარტამენტმა გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. მაშინ შესყიდვაში 5 ჩინური კომპანია მონაწილეობდა. წინადადებების შეფასების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველა მათგანზე უარყოფი გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის თანახმად, წინადადებების უარყოფის მიზეზი პრეტენდენტების მხრიდან გამოცდილების ნაკლებობა და დოკუმენტაციის ხარვეზები გახდა. ცნობისთვის, წინა ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 245,886 მლნ ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ China Railway Tunnel Group Co., LTD-მ ტენდერში მონაწილეობა მაშინაც მიიღო, იმ დროისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 233.688 მლნ ლარი იყო. დღეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, China Railway Tunnel Group-ის მიერ შეთავაზებული თანხა 212 548 390 ლარს შეადგენს.
China Railway Tunnel Group-ი ჰენანის პროვინციის ქალაქ ლუოიანგში 1978 წლის მაისში სახელმწიფო საბჭოს ნებართვით დაარსდა. მას შემდეგ ჩინეთში გაჩნდა კომპანია, რომელიც დღემდე გვირაბებისა და მიწისქვეშა საინჟინრო მშენებლობაში არის სპეციალიზებული.
40 წელზე მეტია, China Railway Tunnel Group (CRTG) გვირაბისა და მიწისქვეშა ინჟინერიაში ჩინეთში უმსხვილესი საინჟინრო კონტრაქტორი და, ასევე, China Railway Group-ის (CREC) ხერხემალი წევრია, რომელიც Fortune Global 500-ის სიაშია.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 2.998 მლრდ იუანი (414 მლნ დოლარი), საკუთარი კაპიტალი კი 6.023 მლრდ იუანია (831.4 მლნ დოლარია). ჯგუფის მთლიანი აქტივები 42.338 მლრდ იუანს (5.84 მლრდ დოლარს) შეადგენს.
CRTG მთელ მსოფლიოში 300-ზე მეტ პროექტს ახორციელებს. ჯგუფის თანამშრომლების საერთო რაოდენობა 14 824-ია, მათ შორის, 8 494 მენეჯერული და პროფესიონალი ტექნიკური პერსონალია. კომპანია აქტიურად ეწევა ბიზნესს საერთაშორისო ბაზარზე და ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში არის წარმოდგენილი. CRTG-ს მშენებარე პროექტები აქვს ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ ევროპაში.
CRTG-ის გვირაბების მშენებლობის წლიური სიმძლავრე 500 კმ-ზე მეტია, ხოლო სხვადასხვა დანიშნულების 10,600 კმ გვირაბი დასრულებული აქვს, რაც ჩინეთში გვირაბების მთლიანი სიგრძის 10%-ს შეადგენს. CRTG-მა მდინარეები და ზღვები 146-ჯერ გადაკვეთა. კომპანია ჩინეთის 42 ქალაქის მეტროს მშენებლობაში მონაწილეობდა. 130-ზე მეტი გვირაბსაბურღი მანქანით CRTG ჩინეთის ანალოგიურ სამშენებლო საწარმოებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობისა და სრული კატეგორიის ტექნიკას ფლობს.
კომპანიას ჩინეთის სამშენებლო ინდუსტრიაში „AAA“ საკრედიტო შეფასება აქვს მიღებული. მისმა 890-ზე მეტმა სამეცნიერო კვლევამ უკვე გაიარა შეფასება ან მიიღო პრემია, საიდანაც 17 სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისთვის მინიჭებული ეროვნული, ხოლო 459-ზე მეტი პროვინციული და სამინისტროს ჯილდოა. აქვს 800-ზე მეტი ინტელექტუალური საკუთრების უფლება, საიდანაც 170 გამოგონების პატენტი, ხოლო 15 პროგრამული უზრუნველყოფის საავტორო უფლებაა.
2022 წელს კომპანიას საერთაშორისო გვირაბებისა და მიწისქვეშა სივრცის ასოციაციის (ITA) მიერ ჯილდო, „წლის ტექნიკური ინოვაცია“ მიენიჭა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ