„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, კერძოდ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურმა კომპანიებმა, თუმცა მათ ტექნიკური კომერციული ფინანსური წინადადებების წარდგენის ვადა 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ, ამ ეტაპისთვის კი, ინტერესი მხოლოდ ჩინურ კომპანიებს აქვს გამოხატული.
„როგორც ცნობილია, ჩვენ გვქონდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელების ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, მიმდინარეობდა კერძო პარტნიორის შერჩევა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. როგორ ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა. ამაზე საჯაროდ გვქონდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ეს იყო შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ასევე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ ვადა, რომ წარმოედგინათ ტექნიკური კომერციული ფინანსური წინადადებები, აგრეთვე, ხელშეკრულებებზე კომენტარები, შესაბამისად, ეს ვადა უკვე გავიდა.
საზოგადოების მაღალი ინტერესი იყო ამასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა განვუცხადო, რომ 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისიცვე ინფორმაციით, CCCC-ს და China Harbour Investment Pte. Ltd -ს, ჰყავს 2 ქვეკონტრქტორი. წინადადების შეფასება და კომიისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა კი რამდენიმე დღეში მოხდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და შესაბამისად, საკონტროლო პაკეტი - 51% მის მფლობელობაში იქნება. გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი გახდება.