TI - „ოფშორების კანონი“ გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს

ოფშორული ზონებიდან საქართველოში ქონების გადმოტანის გათავისუფლება ადგილობრივი გადასახადებისაგან მორგებულია ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე, - ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, კანონში შეტანილი ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება.

„2024 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს საგადასახადო კოდექსში და ოფშორული ზონებიდან საქართველოში ქონების გადმოტანა ადგილობრივი გადასახადებისაგან გაათავისუფლა. ჩვენი შეფასებით, ეს ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის გეგმებზეა მორგებული, რომელიც სავარაუდო სანქციების მოლოდინშია. ამასთან ერთად, ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს“, - აღნიშნულია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განახორციელა 20-ზე მეტი ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომლებსაც ივანიშვილის ოჯახი აკონტროლებს. მათი ცნობით, მხოლოდ საქართველოში აღნიშნული კომპანიები დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას და 125-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს.

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ აქტივებს ოფშორული კომპანიებისა და ტრასტების კომპლექსური ქსელის მეშვეობით ფლობს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ იურისდიქციას მოიცავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოახდინა 20-ზე მეტი ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომლებსაც ივანიშვილის ოჯახი აკონტროლებს. მხოლოდ საქართველოში, ეს ოფშორული კომპანიები დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას და 125-ზე მეტ ადგილობრივად რეგისტრირებულ კომპანიას ფლობენ, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში ოპერირებენ. ივანიშვილს ასევე მნიშვნელოვანი თანხები აქვს დაბანდებული კრიპტო ვალუტის მაინინგში“, - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება.

მერი ტაბატაძე