აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ უკრაინა მოლაპარაკების ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ ქვეყნის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელ იური ლიტვინმა კიევში გამართულ მარცვლეულის შენახვის ფორუმზე (Grain Storege Forum) განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-უკრაიანა“ ავრცელებს.
„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში აღდგება საბორნე გადაზიდვები ბაქოდან უკრაინაში ყველა იმ ქვეყანაზე ტრანზიტით, რომლებზეც გემები გაივლიან,“ - აცხადებს ლიტვინი.
ამასთან, ლიტვინმა აღნიშნა, რომ საბორნე ხაზის ოპერირება დამოკიდებული იქნება ბაზარზე, კერძოდ, სოფლის მეურნეობის კულტურათა მოსავლიანობაზე, დარგის მუშაობაზე, ექსპორტ-იმპორტისთვის განკუთვნილი საქონლის ნომენკლატურასა და მთლიანად, ეკონომიკის ფუნქციონირებაზე.
ამასთან, ლიტვინი პირობას დებს, რომ უკრაინის პორტები 24/7-რეჟიმში იმუშავებენ, ხოლო შემოსავალი პორტების ინფრასტრუქტურაში ჩაიდება, რომ მათი მუშაობა დროულად აღდგეს. კერძოდ, უწყების პრიორიტეტული ამოცანა მომდევნო 2 წლის განმავლობაში პორტების ინფრასტრუქტურის, მინიმუმ, ომამდელ დონეზე აღდგენაა, რისთვისაც ორგანიზაციას 9-9,5 მლრდ გრივნა (222-235 მლნ დოლარი) სჭირდება.
ცნობისთვის: უკრაინის ომამდე, კერძოდ, 2017 წლის სექტემბერში უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის დეპარტამენტებმა ოდესაში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს მუდმივი სარკინიგზო ბორნის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ. მიზანი იყო სატვირთო გადაზიდვების განვითარება ევროკავშირი-უკრაინა-შავი ზღვა-საქართველო-აზერბაიჯან-კასპიის ზღვა-აზიის რეგიონის ქვეყნების მარშრუტით, რომლის დროსაც უკრაინის რკინიგზის ბორნები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სახელდებოდა ორი ბორანი, სახელწოდებით, „პლევნის გმირები“ („Heroes of Plevna“) და „შიპკის გმირები“ („Heroes of Shipka“), რომლებსაც უკრაინის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცურვის ნებართვა ჰქონდათ მინიჭებული.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შმედეგ უკრაინის პორტებზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით 39 თავდასხმა განხორცილედა, რის შედეგადაც 215 ობიექტი დაზიანდა, ხოლო 153 სატრანსპორტო საშუალება და 8 სამოქალაქო გემი განადგურდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ