"ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ - ერთადერთი სფერო, რომელიც აქამდე გამჭვირვალე არ იყო, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები"

ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც სახელმწიფოში გაუმჭვირვალე იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო იყო.

„რაც შეეხება გამჭვირვალობას, საქართველო გამჭვირვალობის თვალსაზრისით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულია. ეს ეხება მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების გამჭვირვალობას, ეს ეხება მთავრობის გამჭვირვალობას. როგორც მოგეხსენებათ, მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სამთავრობო დადგენილების, თუ განკარგულების გასაჯაროების თაობაზე, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსიც ამის კიდევ ერთი დასტურია, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ჩვენი საერთო დამოკიდებულება. გამჭვირვალობის კანონს კიდევ ერთხელ შევეხები, ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე გამჭვირვალე არ იყო, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო, შესაბამისად, ეს სფეროც მოწესრიგებას, გამჭვირვალობას საჭიროებდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დააინიცირა, გამჭვირვალობა ევროპული ფასეულობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სფეროში უნდა დამკვიდრდეს“, - განაცხადა კობახიძემ.