თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე წლის ბოლომდე არომატიზატორების მსხვილი ქარხანა ჩაეშვება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ზოტი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ქარხანა სატესტო რეჟიმში შედარებით მცირე ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე დასრულდება 3000 კვ.მ-ზე განთავსებული ქარხნის მშენებლობა და სრული დატვირთვით ამოქმედდება.
„გავაფორმეთ ხელშეკრულება და დავიწყეთ საინტერესო პროექტი, ეს არის არომატიზატორების საკმაოდ მსხვილი ქარხანა. შედარებით მცირე ტერიტორიაზე უკვე ჩაეშვა საპილოტო რეჟიმში, ხოლო მასშტაბური პროექტი ამ წლის ბოლომდე ჩაეშვება. მანამდე განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
ნიბლაძის თქმით, არომატიზატორების ქარხანა გაერთიანებული პროექტია, სადაც ინვესტორი 1 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.
„ესაა გაერთიანებული პროექტი, რაც გულისხმობს ჩვენ მიერ ინფრასტრუქტურის მოწყობას 3000 კვ.მ-ზე, კერძოდ, საუბარია შენობა-ნაგებობის მშენებლობასა და კომუნიკაციებით უზრუნველყოფაზე. ინვესტორი ახორციელებს 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომლის შედეგადაც, ჩამოვა დანადგარები და გაიმართება არომატიზატორების ქარხანა“, - აღნიშნა „ზოტი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა.
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2016 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნულ პროექტში „ზოტი ჰოლდინგი“ 2023 წლის აპრილში შევიდა. ნიბლაძის თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში იქამდე არსებული საწარმოო მოცულობები გაორმაგებულია. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის თიზ-ში 30-მდე პროექტი ხორციელდება.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
თიზ-ები საქართველოში გარკვეული საშეღავათო პირობებით სარგებლობენ. კერძოდ, თიზ-ი:
გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან - თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
დამატებული ღირებულების გადასახადი - დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება თიზ-ში უცხოური საქონლის შეტანა და თიზ-ში განხორციელებული ოპერაციები;
ქონების გადასახადი - ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება;
იმპორტის გადასახადი - იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია: