„მაგთიკომს“ ახალი ვალდებულებები დაეკისრება - კომისია

„მაგთიკომს“ ახალი ვალდებულებები დაეკისრება, ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, კკომისიამ მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და კვლევის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროკავშირის ექსპერტი - დომაგო იურიევიჩი უძღვებოდნენ. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ კვლევაში მონაწილე დანარჩენი ევროკავშირის ექსპერტები - კრისტიან ჟან პიერ ფრანსუა მერი ჰოსეფიდი, სტანკო ტასკოვი და პიტერ ლანდი.

"შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის, გამოკვლეული გარემოებებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ, რომლის მიხედვით, ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონკურენტულია, საჭიროებს წინასწარ რეგულირებას, ხოლო „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია.

კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისს, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას 13 ივნისს მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრები ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ - „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება. კომპლექსურ კვლევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა 17 მაისამდე ჰქონდათ. ამასთან, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.

პრეზენტაციის ფარგლებში, დომაგო იურიევიჩმა განაცხადა, რომ ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია და ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც, ქართველი მომხმარებლები დაზარალდებიან. მან აღნიშნა ისიც, რომ “მაგთიკომი” მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად შეფასდა და ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, ექსპერტებმა “მაგთიკომისთვის” სპეციფიკური ვალდებულებები შეიმუშავეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა კვლევის მეთოდოლოგიაც, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ექსპერტებმა ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შეისწავლეს მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი, სადაც დააიდენტიფიცირეს კონკურენციის პრობლემები. ამის შემდგომ, ექსპერტებმა საჭიროდ მიიჩნიეს შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა, სადაც ჩაატარეს სამი კრიტერიუმის ტესტი, რომლის მეშვეობითაც პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზარი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ შესწავლილი გარემოებების შედეგად, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზრები საქართველოში დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება, რაც მათი შეფასებით, წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, მინიმუმ მომდევნო სამი წელი სავარაუდოდ არ შეიცვლება.

მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრები გამოავლინეს, დამატებით ჩატარდა სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგად, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორი და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განისაზღვრა, რაც, მათი შეფასებით, აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოს და მომხმარებლისთვის მრავალფეროვან არჩევანსა და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.

ექსპერტთა გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომელთაც სატელეკომუნიკაციო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. დომაგო იურიევიჩს ტელეკომ სფეროს რეგულირებისა და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით 17 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 14 წელი წამყვან პოზიციებს იკავებდა ხორვატიის საკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელ ორგანოში (HAKOM), ხოლო ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოს მიხედვით, ჩატარებული აქვს 18 ბაზრის ანალიზი. მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონული კომუნიკაციების კანონის შემუშავებასა და დანერგვის პროცესში. ასევე, იგი იყო ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC) მმართველი საბჭოს წევრი და ვიცე-თავმჯდომარე. რაც შეეხება კრისტიან ჟან პიერ ფრანსუა მერი ჰოსეფიდს, მას ევროკომისიაში კონკურენციის გენერალურ დირექტორატში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის იკავებდა სექტორის უფროსის და მთავარი ექსპერტს პოზიციებს, ჩართული იყო ახალი დირექტივების დანერგვასა და წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოების მომზადებაში. ასევე გახლდათ Cullen International-ის მთავარი ექსპერტი. აქვს ტელეკომ სექტორში აკადემიური და პრაქტიკური მრავალწლიანი გამოცდილება კვლევის, ანალიტიკისა და ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით. კვლევაში მონაწილე კიდევ ერთ ექსპერტს - სტანკო ტასკოვს, საკომუნიკაციო სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 30 წლიანი გამოცდილება აქვს. არის სლოვენიის საკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი ორგანოს (AKOS) ტექნიკური ექსპერტი და IT სამსახურის უფროსი. ამასთან, გახლავთ BEREC-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრი და TAIEX-ის ექსპერტი. ხოლო პიტერ ლანდი უკვე 30 წელზე მეტია, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორში მოღვაწეობს. იგი 40 ქვეყანაში 25-ზე მეტ პროექტს ხელმძღვანელობდა ციფრული კონკურენტული ბაზრების, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის პოლიტიკის, ასევე სამართლებრივი, ტექნოლოგიური და მარეგულირებელი რეფორმების მიმართულებებით. მრავალი წელი მუშაობდა ევროკომისიაში ეკონომიკური და ტექნიკური ექსპერტის პოზიციებზე, იყო სხვადასხვა ქვეყანაში EBRD-ის გუნდის ლიდერი და მომზადებული აქვს არაერთი კომპლექსური კვლევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. იგი ასევე ექსპერტად მუშაობდა Cullen International-ში, სადაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შეფასების პროექტს ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს,"- ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.