როგორ ნაწილდება მდიდრების, საშუალო და ღარიბი მოსახლეობის ფენა საქართველოში

საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ჯინის კოეფიციენტმა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით 0.36 და 0.37 შეადგინა.

ამასთან, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.02-ით და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით გაიზარდა 0.01-ით და 0.40 შეადგინა.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუთან“ ამბობს, რომ სტატისტიკის სამსახურის კრიტერიუმებით, საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 11-დან 20%-მდეა. თუმცა, არსებობს დაანგარიშების სხვადასხვა კრიტერიუმები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგებს იძლევა.

სტატისტიკოსის თმით, არაპირდაპირი შეფასებით, ქვეყანაში მდიდარი ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის 5-7%-ს წარმოადგენს, ხოლო საშუალო ფენა, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით (გააჩნია დაანგარიშების მეთოდს) 20-დან 50%-მდეა.

„როდესაც სოციალურ კლასიფიკაციაზე ვსაუბრობთ, აქ რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, აქედან 3 ძირითადს დავასახელებ, ეს არის სტატისტიკური მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგს, მაგალითად, თუ ადამიანის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია, ღარიბია, თუ მეტია, ის ღარიბთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. ამ სტატისტიკურ მეთოდს უფრო რთული გაანგარიშების პროცედურა აქვს. მეორე არის სოციალური კუთვნილების მიხედვით, ანუ ადამიანი ამა თუ იმ პროფესიის მიხედვით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. შეიძლება ის მივაკუთვნოთ ღარიბთა კატეგორიას, საშუალოს ან მდიდარს, მიუხედავად იმისა, როგორია მისი მიმდინარე შემოსავალი. მესამე მეთოდია, წმინდა სუბიექტური თვითშეფასება, ზოგისთვის 1000 ლარი შეიძლება იყოს საკმარისი, მაგრამ ნაწილისთვის მინიმალურ ხარჯს წარმოადგენდეს. იმის მიხედვით, თუ რომელი კრიტერიუმით ვისარგებლებთ, სიღარიბის ზღვარს მყოფი მოსახლეობის აბსოლუტურად განსხვავებულ მაჩვენებელს მივიღებთ.

საქართველოში ოფიციალურად ვიყენებთ სტატისტიკურ მეთოდს, რომლის მიხედვითაც, აბსოლუტური სიღარიბის ქვემოთ11%-ზე ოდნავ მეტია, თუ მედიანურ კოეფიციენტს გამოვიყენებთ, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებშია.

რაც შეეხება საშუალო და მდიდარ მოსახლეობას, სტატისტიკა ასე ზუსტ მონაცემს არ იძლევა. იმიტომ, რომ ზოგისთვის სიმდიდრე შეიძლება პირობითად, 1000- 2000 ლარიდან იწყებოდეს.

არაპირდაპირი შეფასებებით კი, 5-7% მიეკუთვნება მდიდართა კონტინგენტს, საშუალო ფენა, რადგან მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს, იმის და მიხედვით, რა კრიტერიუმებს გამოვიყენებთ, 20-დან 50%-მდე მერყეობს. ხოლო ღარიბის მოსახლეობის რაოდენობა ოფიციალურად 20%-მდეა, მაგრამ თუ მკაცრ კრიტერიუმებს შემოვიტანთ, 40-ზე მეტიც იქნება.

თუმცა, სანამ არ მოხდება ხელისუფლების, მეცნიერების და ექსპერტების აზრთა შეჯერება, თუ რა უნდა ჩაითვალოს კრიტერიუმად, რთული იქნება ზუსტი მონაცემების განსაზღვრა“,- ამბობს სტატისტიკოსი.

რაც შეეხება გამოსავალს, როგორ უნდა მოხდეს უთანასწორობის მაჩვენებლის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ეს არა სოციალური დახმარების ზრდით, არამედ სამუშაო ადგილების შექმნითა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდით მიიღწევა.

ნინი ქეთელაური