ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ინვესტიციებთან კავშირი არ აქვს.
ამ განცხადებით დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა კითხვას, გააძლიერა თუ არა აღნიშნულმა კანონმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი.
ამასთან, კითხვას, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კანონმა პირიქით, გააუარესა საინვესტიციო გარემო, დავითაშვილი ასე პასუხობს: „ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებზე“.
„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი არის საკმაოდ მიმზიდველი. ამ კანონით შეიძლება არც გაძლიერდა და არც შესუსტდა [საინვესტიციო კლიმატი]. ეს კანონი სულ სხვა რამეს ეხება. ვფიქრობ, ინვესტიციებთან კავშირში საერთოდ არაა. ყველაფერი დროში გამოჩნდება. დროს ნუ დავკარგავთ. მოდი, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დაველოდოთ შედეგებს და შემდეგ ვისაუბროთ“,- განაცხადა დავითაშვილმა.