თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება - საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტულ პროექტები ფინანსდება? თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ამ ფულით პოლარიზაციისა და რევოლუციური სცენარის დაფინანსება ხდებოდა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელმოწერას და აღნიშნულ კანონს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, კანონის განხილვის მიმდინარეობისას ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს კანონის მოწინააღმდეგეებმა, თუ რატომ არის ეს კანონი საფრთხის შემცველი.
"კანონი შედის ძალაში, რომელიც ერთ რამეს - გამჭვირვალობას ითხოვს. წლის განმავლობაში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, უნდა წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ თანხას ვისგან იღებენ და რაში იხარჯება. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენი სიბინძურე მოვისმინე, იმდენი შემოტევა იყო... ცდილობდნენ, რომ აღნიშნული კანონი „რუსულ კანონად“ წარმოეჩინათ, მაგრამ არ გამოვიდა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა, რომელიც ევროპულობის და დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, იყოს იმის საწინააღმდეგო, რაც ევროპულ ღირებულებებთან არის კავშირში.
ამიტომ იყო, რომ არგუმენტიც არ ჰქონდათ, ვერცერთი არგუმენტი ვერ იყო წარმოდგენილი. ბოლოს ერთადერთი ადამიანი გამოინახა, პრეზიდენტის წარმოდგენილი, რომელმაც გვითხრა და უთხრა საზოგადოებას არგუმენტი - „იმიტომ“.
თუ არ დაემორჩილებიან, არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას. ვეღარ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებდნენ.
თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება? საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტულ პროექტები ფინანსდება? თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ამ ფულით პოლარიზაციისა და რევოლუციური სცენარის დაფინანსება ხდებოდა, ეს ყველაფერი კი ამ გაუმჭვირვალობის გამო ხდებოდა", - განაცხადა კალაძემ.