„ვირის რძეზე მოთხოვნა ძალიან არის გაზრდილი. ფაქტობრივად, მოთხოვნას რომ ვერ ავუდივართ, რძის გარდა სხვას ვერაფერს ვაწარმოებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს კომპანია „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განუცხადა.
„შარშან ამ დროს, ყოველ მესამე დღეს 5 ლიტრ რძეს ვაწარმოებდით, წელს კი ყოველ მეორე დღეს 20 ლიტრს ვაწარმოებთ. ამას გარდა, ხალხისგან არის მოთხოვნა ვირის რძეზე დამზადებულ საცხებსა და საპნებზე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ“, - განაცხადა თემურ ლომიძემ.
მისი თქმით, რამდენიმე თვეა მოიმატა რძის ფასმაც და ამჯამად ის 80 ლარს შეადგენს.
უახლოეს მომავალში კომპანია საკვები დანამატის წარმოებასაც გეგმავს. თემურ ლომიძის თქმით, ვირის რძის ფხვნილზე დამზადებული აბების შეძენა აფთიაქებში შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი.
„სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში მდებარეობს. ამჟამად ფერმაში დაახლოებით 100 სახედარი ბინადრობს.